ახალი ამბები

წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ 3 ადამიანი დააკავა

25 დეკემბერი, 2018 • 1057
წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე შსს-მ 3 ადამიანი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ წავკისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი ადამიანი დააკავა. უწყების განცხადებით, ორ მათგანს ბრალი ედება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობაში, ერთი დანაშულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულებმა 23 დეკემბერს, დაბა წავკისში მომხდარი კონფლიქტის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით, დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად მოკლეს ორი ადამიანი. ამავე კონფლიქტის დროს დაიჭრა კიდევ ორი პირი:

“ათეულობით მოწმის გამოკითხვისა და ჩატარებული სხვა ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი გახდა მხარეებს შორის წარმოშობილი კონფლიქტი. კერძოდ, 22 დეკემბერს წავკისი-ტაბახმელას საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ავტომობილისთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად მხარეებმა მეორე დღეს შეხვედრა დაგეგმეს და ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ საპატრულო პოლიციას არ შეატყობინეს”, – აცხადებენ შსს-ში.

უწყების განცხადებით, შეხვედრა საღამოს 20:00 საათზე შედგა და მხარეებს შორის საუბარი ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფაში, შემდეგ კი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ დანაშაულის შემსწრე 1 პირი – 1993 წელს დაბადებული ა.ყ. სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გადაკვეთას და თურქეთის მიმართულებით გაქცევას ერთ-ერთ ბრალდებულთან გ.ა-სთან ერთად ცდილობდა, რა დროსაც ისინი პოლიციამ შეაჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა.

შსს-ს განცხადებით, ა.ყ-ს გამოკითხვისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გაირკვა, რომ იგი მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდა, რაც სამართალდამცველებს არ შეატყობინა.

უწყების ცნობით, სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად და 2 ან მეტი პირის მიმართ და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 376-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი