ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

90-იანი წლების ომების ფოტოდოკუმენტაცია საქართველოში

26 დეკემბერი, 2018 • 13014
90-იანი წლების ომების ფოტოდოკუმენტაცია საქართველოში

ავტორი: ნინო ძანძავა


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომების ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა, რომელიც საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის ფოტოკოლექციაში ინახება, არ არის კარგად შესწავლილი. თუმცა დიდი შეცდომა არ იქნებოდა მეთქვა, რომ შიდა საარქივო კვლევის გარეთ ეს მემკვიდრეობა აკადემიურად შეუსწავლილიც კია.

ომების პერიოდში საომარი მოქმედებების ამსახველი ფოტოები საგაზეთო პუბლიკაციებში ქვეყნდებოდა, ასევე იფინებოდა რუსთაველის გამზირზე მდებარე საქინფორმის საგამოფენო ვიტრინაში. მოგვიანებით, პერიოდული გამოცემების გარდა, ფოტოები რამდენიმე წიგნშიც მოხვდა. პერსონალურ ფოტოგამოფენებზე, სხვა თემებზე გადაღებულ ნამუშევრებთან ერთად, აფხაზეთის ფოტოების ჩართვის რამდენიმე შემთხვევაც იყო. თუმცა ომების გასვლიდან 25 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ომის ფოტოგრაფიულ მეხსიერებას ერთიანი სახით საჯარო სივრცეში დამთვალიერებლამდე არ მიუღწევია.

2018 წელს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში აფხაზეთის თემაზე ორი ფოტოგამოფენა გაიმართა. აქედან ერთი გამოფენა, სახელწოდებით „ჩვენ აქ ერთად ვართ“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ მოაწყო, ხოლო მეორის ორგანიზატორი და კურატორი კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე იყო. პირველმა ომამდე არსებული ქართულ-აფხაზური ურთიერთობები ასახა. მისი სათაურიც კონფლიქტამდე პერიოდზე მიუთითებს, როდესაც „ერთად ვიყავით“. ნანა ჯანელიძემ კი დამთვალიერებელს ომის, ერთმანეთის წინააღმდეგ გაშვერილი იარაღის და მსხვერპლის კადრები აჩვენა.

ერთსა და იმავე წელს გამართული ეს ორი რადიკალურად განსხვავებული გამოფენა ირეკლავს  აფხაზეთის ომის, მისი შედეგების და კონფლიქტის მოგვარების ირგვლივ არსებულ ორ პერსპექტივას, რომელიც ქართულ საზოგადოებაში დომინირებს. ერთი მხრივ, წარსულის პოზიტიური მაგალითების გამოხმობით კონფლიქტზე საუბრისთვის თავის არიდება და თავის მოკატუნება, თითქოს არაფერი მომხდარა, ამორფულ რეალობას ქმნის. ის თავსატეხს ჰგავს, რომელსაც შემადგენელი ნაწილები აკლია და, შესაბამისად, ვერასდროს ამოიხსნება. რეალობის სრული სურათი არც მეორე ბოლოში გვაქვს, სადაც ერთი მიმართულებით გაშვერილ იარაღს და ერთ მსხვერპლს ვხედავთ. რადგანაც არ არსებობს მსხვერპლი მხოლოდ ერთ მხარეს. უფრო მეტიც, მისი განზომილება პლუს და მინუს უსასრულობის სქემას სცდება: პოლუსებს შორის სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის ათასობით ოჯახის სისხლით გაჯერებული მოგონებებია.

ცენტრალური კითხვა, რომელიც აქ უნდა დაისვას, შემდეგში მდგომარეობს: რამდენად ინახავს თბილისის არქივებში არსებული ომის ფოტოგრაფიული მემკვიდრეობა ომის სრულ სურათს, რამდენად იძლევა ის აქცენტების სწორად განაწილების შესაძლებლობას? და აგრეთვე, რამხელაა ეს მემკვიდრეობა და აღემატება თუ არა ის სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ინსტიტუციების დაკვეთით შექმნილ ქრონიკას? იღებდნენ თუ არა აფხაზეთის ადგილობრივი მოყვარული ფოტოგრაფები ომს? შემორჩა თუ არა ეს ფოტოები ენგურს გაღმა და გამოღმა?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა საფუძვლიანი კვლევის გარეშე შეუძლებელია. თუმცა სტატიის ფარგლებში შეიძლება მოვიყვანოთ რამდენიმე ფაქტი, რომელიც სამომავლო კვლევისთვის გამოსადეგი იქნებოდა.

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფოტოკოლექციიდან ჩანს, რომ საქართველოს 90-იანი წლების კონფლიქტების ფოტოქრონიკიორები საქინფორმის ფოტოკორესპონდენტები იყვნენ. საქინფორმი საინფორმაციო სააგენტო იყო, რომელიც საბჭოთა ოკუპაციის პერიოდიდან მოყოლებული სხვადასხვა სახელწოდებით 2004 წლამდე ფუნქციონირებდა. საქინფორმს ჰქონდა ფოტოგანყოფილება და ჰყავდა თავისი ფოტოკორესპონდენტები მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორის, აფზახეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ რეპუბლიკებში.

ფოტოგანყოფილების დაკვეთით 1990-იანი წლების დასაწყისში საომარ ზონებში გადაღებული და სააგენტოს ფოტოთეკაში ჩაბარებული ფოტოების საერთო რაოდენობა უხეშად 3000 კადრია.

ქართული მხრიდან აფხაზეთის საომარ მოქმედებებს იღებდა საქინფორმის ფოტოგრაფი ირაკლი ჭოხონელიძე, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა დროს იყო სააგენტოს სოხუმის კორესპონდენტი და სწორედ მას ეკუთვნის აფხაზეთში 1960-იანი წლებიდან გადაღებული ფოტოების დიდი ნაწილი. შესაბამისად, ჭოხონელიძე ადგილობრივის პოზიციიდან ასახავს მოვლენებს. აფხაზეთის სპეცკორი იყო ბორის სოკოლოვიც. ბორის სოკოლოვი იგივე ბორის ალექსანდრიაა.

საინტერესოა, რომ ფსევდონიმს სოკოლოვი პერიოდულად იყენებდა მხოლოდ ომის გადაღებისას, სხვა დროს ფსევდონიმით არ სარგებლობდა. ომს ასევე აშუქებდა საქინფორმელი გოგი ცაგარელი. ვლადიმერ ვალიშვილი ნაკლებად იღებდა უშუალოდ ფრონტის ამბებს და მეტწილად ე. წ. მშვიდობიან ამბებს აშუქებდა, როგორიც იყო ომის დროს თბილისიდან წარმოდგენის გასამართად მსახიობების სოხუმში ჩასვლა და სხვა. ის ასევე იღებდა თბილისში არსებულ ვითარებას, დაჭრილებს საავადმყოფოებში და ა.შ. საომარი ზონის სხვა საქინფორმელი ფოტოგრაფები იყვნენ გოგი შარაშენიძე და სერგო ედიშერაშვილი.

აქედან უკანასკნელი ედუარდ შევარდნაძის პირადი ფოტოგრაფის ფუნქციებსაც ითავსებდა. საქიფორმის ომის ამსახველ ფოტოკოლექციაში ერთადერთი არასაქინფორმელი გურამ მგალობლიშვილია, რომელიც დამოუკიდებლად გაემგზავრა აფხაზეთში. ის აწარმოებდა როგორც ფოტო, ისე ტელეგადაღებას. კოლექციაში შემორჩა ფოტო, სადაც ჩანს, თუ რა მულტიფუნქციურ ვითარებაში უწევდა მგალობლიშვილს მუშაობა. სურათზე ჟურნალისტს ერთდროულად უჭირავს იარაღი, სავარაუდოდ, საკუთარი თავის დასაცავად, მიკროფონი და ტელეკამერა.

ტელერეპორტიორი, ფოტოჟურნალისტი გურამ მგალობლიშვილი. აფხაზეთი. 1993

სამხრეთ ოსეთში ომი გააშუქეს ფოტოგრაფებმა: სერგო ედიშერაშვილმა, ვლადიმერ ვალიშვილმა, იოსებ დავითაშვილმა, სპარტაკ ყურაშიძემ, მიხეილ ჯაფარიძემ, მიხეილ კიკვაძემ, ბონდო დვალიშვილმა, საქინფორმის გორის სპეცკორმა თემურ ნაფიშვილმა, საქინფორმის ცხინვალის სპეცკორმა ლევან გუსოვმა, ირაკლი გედენიძემ, ანატოლი რუხაძემ და ვანო შლამოვმა. ბორის სოკოლოვის მსგავსად, ვანო შლამოვიც ზოგჯერ ფსევდონიმით აქვეყნებდა თავის ნამუშევრებს.  შლამოვის ომისდროინდელი ფსევდონიმი ივანე შამანაძეა.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ოსეთში მეტი ფოტოგრაფი იღებდა, ომის ფოტოდოკუმენტაცია რაოდენობრივად ნაკლებია და აფხაზეთის მასალის ალბათ მეხუთედს შეადგენს.

სოხუმი დღეს. ფოტო: სერგო ედიშერაშვილი. 1992

არც საქინფორმის და საქართველოს ეროვნული არქივის, არც სხვა ფოტოკოლექციებში არ ინახება აფხაზი ფოტოგრაფების სურათები. დღეისათვის უცნობია, იღებდნენ თუ არა ფოტოებს აფხაზი ფოტოგრაფები და საერთოდ, ჰყავდათ თუ არა აფხაზებს ომის ფოტოქრონიკიორები. რაც დანამდვილებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ კონფლიქტის მეორე მხრიდან ფოტოდოკუმენტაცია შექმნეს რუსმა ფოტოკორესპონდენტებმა.

აფხაზეთში ომის გადასაღებად ფოტოგრაფებს გზავნიდა საბჭოთა კავშირის დეპეშათა სააგენტო (ТАСС), დაწესებულება, რომლის დაქვემდებარებაშიც იყო საქინფორმი საბჭოთა დროს. შესაძლოა, სწორედ ამ ინსტიტუციონალური კავშირით აიხსნას საქინფორმის კოლექციაში რუსი ფოტოგრაფების მიერ გადაღებული ფოტოების მოხვედრა. ეს კოლექცია კონფლიქტში მონაწილე საპირისპირო მხარის დაკვეთით შექმნილ ოცამდე ნამუშევარს ინახავს. ფოტოებზე ასახულია სოხუმის ქუჩებში მიმდინარე საომარი მოქმედებები, დაჭრილებისა და მოკლულების გადაყვანა თანამებრძოლების მიერ. რუსი ფოტოგრაფები იღებდნენ აფხაზ მეომრებს, რაც ქართული მხარისათვის, ჟურნალისტების ხელშეუხებლობის გარანტიის არქონის პირობებში, ძირითადად შეუძლებელი იყო. მართალია, საქინფორმელების ობიექტივში დაპირისპირებულ მხარეთა ჯარისკაცებიც მოხვდნენ, მაგრამ ასეთი ფოტოები მაინც გამონაკლისია და კოლექციის უმეტეს ნაწილში ბრძოლა ქართული პერსპექტივიდან არის აღბეჭდილი, როგორც ვიზუალურად, ასევე მორალური თვალსაზრისით. პოსტსაბჭოთა საქართველოში არაცალმხრივი და დაბალანსებული რეპორტაჟის კეთების საშუალებას არც საბჭოთა ყაიდის ჟურნალისტური სკოლა იძლეოდა და არც ომში ჟურნალისტების დაუცველობის ფაქტორი.

თემატურად, საომარი ვითარების დოკუმენტაციას შემდეგ რუბრიკებად დავყოფდი: ჰუმანიტარული კრიზისი, ნგრევა, ბრძოლა, ჰუმანიტარული დახმარება,  ოფიციოზი, გლოვა, სამხედრო ძალების დემონსტრირება, მხედრიონი, თუმცა თითოეული თემა კომპლექსურია და რამდენიმე ქვეთემას აერთიანებს.

ფოტოგადაღებების დამკვეთი საქინფორმი სახელმწიფოს მიერ ფინანსდებოდა. სახელმწიფო განსაზღვრავდა მის სარედაქციო პოლიტიკასაც. სააგენტო ბეჭდურ და ვიზუალურ ინფორმაციას აწვდიდა პრესას, რადიოსა და ტელევიზიას, რომლებიც თავის მხრივ ამ ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელებას უზრუნველყოფდნენ. ომების შესახებ ხალხის ინფორმირებისას საქართველოს ხელისუფლება მისთვის სასურველ იდეოლოგიურ პოზიციას აფიქსირებდა. მაგალითად, ფოტოების მეშვეობით ანახებდა საზოგადოებას, თუ როგორ ცდილობდა ჰუმანიტარული კრიზისის მოგვარებას (დაჭრილების ჰოსპიტალიზაცია თბილისში და ა.შ.), თუ როგორ არ ტოვებდა მოსახლეობას ომში (მთავრობის მეთაურების ვიზიტები საომარ ზონაში), თუ როგორ არიგებდა ჰუმანიტარულ დახმარებას (ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვა პორტში). პროპაგანდისტული მიზნებით ფოტოების გამოყენების თვალსაზრისით, ხელისუფლებას უზარმაზარი გამოცდილება ჰქონდა, რომელიც საქართველოსა და მთელ საბჭოთა კავშირში ათწლეულების განმავლობაში დაგროვდა.

საინტერესოა, თუ როგორ შემოინახა საქინფორმის ფოტოკოლექციამ ფოტოების იდეოლოგიური ინტერპრეტაციის ისტორია. სააგენტო ფოტოს ყოველთვის ანოტაციასთან ერთად ავრცელებდა. მათ ფოტოგრაფები არ ადგენდნენ. ანოტაციებს თავისი შემდგენელი და რედაქტორი ჰყავდა. რედაქტორი შინაარსს სწორედ ამ აღწერილობის მეშვეობით აძლევდა ფოტოს, ტვირთავდა ისეთი მნიშვნელობით, რომელიც ხშირად ფოტოგრაფის ჩანაფიქრს არც კი ემთხვეოდა. მაგალითად, ერთ სურათს, სადაც ჩანს ქართველი მეომარი იარაღით ხელში, დართული აქვს ტექსტი, რომ ასეთი იარაღი ნებისმიერ მტერს გაანადგურებს. თუმცა, როგორც კი ფოტოს ეცლება კონიუნქტურული ინტერპრეტაცია, ის ორიგინალურ განზომილებას იბრუნებს და აცოცხლებს ისტორიას, რომელიც დღეს ხშირად ლოზუნგების ამარაა დარჩენილი.

მოვლენები ცხინვალში. ფოტო: ა. პუშკარიოვი. 1991

პოლიტიკური და საზოგადოებრივი მეხსიერების შენარჩუნების გარდა, ომების ფოტომემკვიდრეობას ძალიან პრაქტიკული ხასიათიც შეიძლება ჰქონდეს.  ფოტოები საბუთია იმისა, თუ რა ტექნიკის გამოყენება ხდებოდა ომში. ფოტოების მეშვეობით შესაძლებელია კონფლიქტში მონაწილე მხარეების და მათი ტექნიკის იდენტიფიკაცია. ფოტოებს აქვთ ჰუმანიტარული მისიაც. არქივის კოლექციაში უამრავი დაღუპული სამხედრო თუ არასამხედრო მოქალაქის ფოტო ინახება. ფოტოს გამოყენებით შეიძლება მოხდეს დაღუპულთა იდენტიფიკაცია.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ომებიდან ცოტაზე მეტი ხანი გავიდა საიმისოდ, რომ ომების ვიზუალური მეხსიერების სამეცნიერო და აკადემიური შესწავლა დაიწყოს. ომის ფოტოდოკუმენტაციის კვლევა საკმაოდ მძიმე ამოცანაა, პირველ რიგში, ემოციური თვალსაზრისით. თითქმის 30 წელია ეს დოკუმენტაცია ელოდება მკვლევარს, რომელიც მზად იქნება შეინარჩუნოს სიმშვიდე, როდესაც ფოტოზე თავის მოკლულ ოჯახის წევრს, ნათესავს, მეზობელს ან შინაურ ცხოველს დაინახავს; რომელიც მოუხმობს ძალას, მოთმინებასა და გონიერებას ემოციებთან ბრძოლაში და ცოტა ხნით მოთოკავს ტრავმებს, რომელთაგან სამუდამოდ გათავისუფლება, როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, შეუძლებელია.

წერილი, რომელიც ადრესატამდე არ მივიდა. აფხაზეთი. ფოტო: გოგი ცაგარელი. 1992

მასალების გადაბეჭდვის წესი