ახალი ამბები

კევინ სპეისის პირველი საჯარო მიმართვა სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ

25 დეკემბერი, 2018 • 3258
კევინ სპეისის პირველი საჯარო მიმართვა სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ

მსახიობი კევინ სპეისი, რომელსაც 30-ზე მეტი ადამიანი ადანაშაულებს სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში, ბრალდებების შემდეგ პირველად მიმართავს საზოგადოებას.

24 დეკემბრის საღამოს გამოქვეყნებულ 3-წუთიან ვიდეოში სპეისი “ბანქოს სახლის” პერსონაჟის, ფრენკ ანდერვუდის როლში პასუხობს მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

ვიდეოს ინგლისურად ჰქვია Let Me Be Frank — ორაზროვანი ფრაზა, რაც ქართულად შეიძლება ვთარგმნოთ როგორც:

ა) “მოდით, გულახდილად ვილაპარაკებ”

ბ) “ნება მომეცით, ვიყო ფრენკი” [ფრენკი სპეისის მიერ “ბანქოს სახლში” (House of Cards) განსახიერებული პერსონაჟის სახელია].

24 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სპეისის 7 იანვარს ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს სექსუალური ძალადობის გამო. საუბარია 2016 წლის ივლისში მომხდარ შემთხვევაზე. ეს ცნობები გამოცემა “ბოსტონ გლობმა” გაავრცელა. სპეისიმ ვიდეო აქედან რამდენიმე წუთში გამოაქვეყნა.

მსახიობი ფრენკ ანდერვუდისთვის დამახასიათებელი სამხრეთული აქცენტით საუბრობს, თუმცა, როგორც ჩანს, რეალურ ბრალდებებსაც პასუხობს:

“ვიცი, რაც გინდათ. კი, მათ სცადეს ჩვენი განცალკევება, მაგრამ რაც ჩვენ გვქონდა, ეგ უფრო მყარი, უფრო ძლიერია. ბოლოს და ბოლოს, მე და თქვენ ყველაფერს ვანდობდით ერთმანეთს. მე გიამბეთ ჩემი ყველაზე ღრმად ჩამარხული, ბნელი სურვილების შესახებ. ზუსტად გაჩვენეთ, რისი გაკეთება შეუძლიათ ადამიანებს. ჩემი გულწრფელობით გაოცებდით ხოლმე, მაგრამ, რაც მთავარია, გიწვევდით ხოლმე და ფიქრისკენ გიბიძგებდით. და თქვენც მენდობოდით, მიუხედავად იმისა, რომ იცოდით, ეს არ უნდა გექნათ. ასე რომ, ჯერ ჩვენი ამბავი არ მორჩენილა, იმის მიუხედავად, სხვები რას იტყვიან.  თანაც, მე ვიცი, რაც გინდათ. გინდათ, რომ დავბრუნდე”.

“შემიძლია დაგპირდეთ: თუ პასუხი არ მიგია იმისთვის, რაც ორივემ ვიცით, რომ ჩამიდენია, არაფრის დიდებით ვაგებ პასუხს იმისთვის, რაც არ ჩამიდენია. კი, რა თქმა უნდა, იტყვიან, რომ პატივისცემით არ ვიქცევი, რახან “წესებით” არ ვთამაშობ, თითქოს აქამდე ვინმეს წესებით მეთამაშოს. ასე არასოდეს მოვქცეულვარ და თქვენ ძალიანაც მოგწონდათ ეს. რაც არის, არის — მიუხედავად … ჰედლაინებისა, მიუხედავად იმპიჩმენტისა სასამართლოს გარეშე, ყველაფრის მიუხედავად, საკუთარი სიკვდილის მიუხედავადაც კი — გასაოცარია, მაგრამ კარგად ვგრძნობ თავს”, – ამბობს სპეისი.

ნახეთ სპეისის მიმართვა სრულად:

მას შემდეგ, რაც სპეისი სექსუალურ ძალადობაში დაანაშაულეს, “ნეტფლიქსმა” იგი მოკვეთა “ბანქოს სახლიდან”. სპეისის არც “ემის” სპეციალური ჯილდო გადასცეს; მასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა მისმა აგენტმაც.

პირველი ბრალდება სპეისის მიმართ მსახიობმა ანტონი რაპმა წამოაყენა გამოცემა “ბაზფიდისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მან აღწერა, თუ როგორ ცდილობდა სპეისი მასთან არასასურველი სექსუალური კავშირის დამყარებას 1986 წელს, როდესაც რაპი 14 წლის იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი