ახალი ამბები

ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი – მიქაუტაძე მიხეილ ჩინჩალაძეზე

24 დეკემბერი, 2018 • 2323
ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი – მიქაუტაძე მიხეილ ჩინჩალაძეზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე ამბობს, რომ დღეს, 24 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დასახელება სასამართლოში არსებულმა ვითარებამ განაპირობა. მისი თქმით, სასამართლოს არ ჰყავს საქმის განსახილველი სისხლის პალატის ერთი შემადგენლობაც კი. საბჭოს თავმჯდომარის მტკიცებით, 11-კაციანი ამჟამინდელი შემადგენლობით უზანაესი სასამართლო თავის ფუნქციას ვეღარ შეასრულებს, თუ იქ ახალი მოსამართლეების დანიშვნა არ მოხდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული 10-კაციანი სია დღესვე გაეგაზვნა პარლამენტს. საბჭოში განმარტავენ, რომ პარლამენტს კონკრეტული ვადა არ აქვს განსაზღვრული, რა დროშიც კანდიდატების დამტკიცება უნდა მოხდეს. დასახელებული კანდიდატები, რომელთა შორის გიორგი მიქაუტაძე და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძეც არიან, დამტკიცების შემთხვევაში,  უზენაეს სამართლოში, უვადოდ გამწესდებიან. მიქაუტაძის თქმით, კანიდატების შერჩევის პროცესი დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდა.

“ბატონ მიხეილ ჩინჩალაძეს აქვს უზენაეს სასამართლოში მუშაობის ათწლიანი გამოცდილება, მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება. ის არის ძალიან მაღალი დონის პროფესიონალი. შეგიძლიათ ნახოთ იმ პერიოდში, როდესაც ბატონი მიხეილი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას ხელმძღვანელობდა, როგორი წარმატებები ჰქონდა ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ამიტომ ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ამ სიაში მოხვდნენ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეები, რომლებიც მაღალი ავტორიტეტითა და რეპუტაციით სარგებლობენ. კანდიდატებზე გადაწყვეტილება მივიღეთ გუნდურად ჩვენი მოსამართლე წევრების მიერ. საბჭოს თითოეულ წევრს რომელიმე კონკრეტული კანდიდატი არ დაუსახელებია. ჩვენ გარკვეულ პრინციპებზე შევთანხმდით,” – აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.

საბჭომ დღეს შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა მხარი:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, უზენაესი სასამართლოს შემადგენლობაში შედის არანაკლებ 28 მოსამართლე. სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, პარლამენტი ირჩევს. ამ ეტაპზე უცნობია, როდის მოხდება დანარჩენი კანდიდატების წარდგენა. საბჭოს წევრის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, პარლამენტი თითოეულ კანდიდატს ცალ-ცალკე დაუჭერს მხარს.

“ვფიქრობ, რა წესიც არ უნდა შექნილიყო, ჩვენ მიერ წარდგენილი კანდიდატები კრიტერიუმებს მაინც დააკმაყოფილებდნენ. უზანაეს სასამართლოში მართმსაჯულება ვერ ხორციელდება, რადგან ის სრულად დაკომპლექტებული არ არის. დღეს იქ არის 11 მოქმედი მოსამართლე, რაც მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებისთვის საკმარისი არ არის. ამიტომაც, უკიდეურესად აუცილებელი იყო ის, რაც საბჭომ გაააკეთა. ვიმედოვნებთ, საქართველოს პარლამენტი მხარს დაუჭერს ამ კანდიდატებს. ეს 10 მოსამართლე, დამტკიცების შემთხვევაში, გადაწყვეტს იმ პრობლემას, რაც დღეს უზენაეს სასამართლოშია,” – ამბობს გვრიტიშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მან აღნიშნულს “ქვეყნის ტრაგედია” უწოდა.  დღეს საბჭოში თავისი პროტესტის გამოსახატად ჯანეზაშვილი 2 თვის შვილთან ერთად იყო მისული.

საბჭოს სამმა წევრმა – ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. დანარჩენმა წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანდიდატებს. პროცედურის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სია პარლამენტს გაეგზავნება დასამტკიცებლად.

საბჭოს სხდომას ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი სოფო ვერძეულიც ესწრებოდა. კანდიდატთა დასახელების შემდეგ სხდომაზე გიორგი მიქაუტაძემ მას კითხვის დასმის შესაძლებლობა არ მისცა. საბჭოს მდივანმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს უთხრა, რომ სხდომაზე კითხვის დასმას რეგლამენტი არ ითვალისწინებს.

“დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ყოველგვარი პროცედურისა და კრიტერიუმების გარეშე დაასახელა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. ჩვენ ვამბობდით და დღესაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლომდე ბუნდოვანია, ვინ  და რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით იმსჯელა კანდიდატებზე. ასეთი პროცედურა ჩვენს კანონმდებლობაში საერთოდ არ გვაქვს. სწორედ ამ მოტივით მოვუწოდებდით საბჭოსაც და პარლამენტსაც, სანამ კანდიდატების შერჩევის ნათელი პროცედურა არ გაიწერებოდა, კანდიდატების შერჩევის პროცესი არ დასრულებულიყო. საბჭომ ნაჩქარევად, გუშინ გვიან ღამით მიიღო გადაწყვეტილება, ეს საკითხი დღის წესრიგში ჩაესვა და დღეს უკვე კონკრეტული გვარები გამოაცხადეს. ამ სიაში ძალიან ბევრი პრობლემური მოსამართლე მოხვდა. აქ ყველაზე დიდი პრობლემა არის პროცედურა, ამ პროცედურით ფანტასტიკური კანდიდატებიც რომ დაესახელებინათ, ჩვენი მხირდან იგივე პროტესტი იქნებოდა,” – აცხადებს სოფო ვერძეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი