პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნების მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დამამძიმებელ გარემოებაში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მაღალჩინოსნების განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1990 წელს დაბადებული გ.ყ. დააკავეს. ბრალდებულს 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

შსს-ს ცნობით, ბრალდებული თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 10 დეკემბერს, წყნეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს: 1975 წელს დაბადებულ ი.ჭ-ს, 1977 წელს დაბადებულ ზ.მ-ს, 1985 წელს დაბადებულ ჭ.გ-ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც შსს აცხადებს, სამართალდამცველებმა სავარაუდო დამნაშავის ვინაობა ოპერატიულად დაადგინეს და ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, გ.ყ. თბილისში, კრწანისში დააკავეს.

პოლიციამ აღნიშნულ დაპირისპირებაში მონაწილე კიდევ ერთი პირი – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი, 1982 წელს დაბადებული ე.ზ. იმავე დღეს, 10 დეკემბერს, ხულიგნობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.