ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დევნა სომხებთან დიალოგის გამო

24 დეკემბერი, 2018 • 1700
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დევნა სომხებთან დიალოგის გამო

გუნელ მევლუდი


არზუ ჰეუბულაევა, იგივე არზუ ჰეიბულა აზერბაიჯანის პოლიტიკური მოვლენების მიმომხილველი, ბლოგერი და ჟურნალისტია, მისი სტატიები პერიოდულად ქვეყნდება ისეთ საერთაშორისო მედია-გამოცემებში,  როგორიცაა “ალ ჯაზირა”, Foreign Policy, Global Voices და Agos. ის ერთ -ერთია, ვინც ალიევის რეჟიმს საერთაშორისო მედიაში აკრიტიკებს.

ბოლო რამდენიმე წელია ჟურნალისტი თურქეთში ცხოვრობს, თუმცა აზერბაიჯანის პროსახელისუფლებო მედიის წარმომადგენლები და საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელებში პერიოდულად თავს ესხმიან და ემუქრებიან.

თავდასხმების მიუხედავად, არზუ ჰეიბულა ამჟამად წიგნს წერს აზერბაიჯანში პოლიტპატიმრების შესახებ.

არზუ, რატომ წახვედით აზერბაიჯანიდან, დაუმორჩილებელი ჟურნალისტის უსაფრთხოების საკითხი დადგა?

16 წლის ვიყავი, როდესაც პირველად წავედი ქვეყნიდან. მაშინ American Councils-ის სტუდენტთა გაცვლით პროგრამაში [Future Leaders Exchange Program] მიმიღეს და ერთი წლით სასწავლებლად აშშ-ში გავეგმზავრე.

ჩემი თავგადასავალიც აქ იწყება. დაბრუნების შემდეგ მე-11 კლასი დავამთავრე და პარალელურად ბილკენტის უნივერსიტეტში ჩავაბარე, სადაც ოთხი წლით სასწავლებლად წავედი. ბაკალავრის დიპლომი წარჩნებით ავიღე საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებებში. შემდეგი ერთი წელი ლონდონის ეკონომიკის სკოლაში სამაგისტრო პროგრამაზე ვისწავლე გლობალური პოლიტიკის სპეციალობის განხრით. სწავლის დასრულების შემდეგ თურქეთში გადავედი, სადაც სამსახური შემომთავაზეს.

აზერბაიჯანში 2007 წელს დავბრუნდი სამსახურის საქმეზე. იმ დროისთვის უკვე ანალიტიკოსად ვმუშაობდი think tanke-ში. 2009 წლის ბოლოს კი, საცხოვრებლად ბაქოში გადავედი, თუმცა ერთი წლის შემდეგ ამ ქვეყნიდან საბოლოოდ წავედი. ისევ და ისევ სამსახურის გამო ხშირად ჩავდიოდი აზერბაიჯანში, თუმცა ბოლოს იქ 2014 წელს ვიყავი.

Agos-სთან თქვენი თანამშრომლობის პერიოდში, ბევრს გაკრიტიკებდნენ იმისთვის, რომ სომხებთან თანამშრომლობთ. რას გრძნობდით იმ დროს?

ჩემი სომხებთან თანამშრომლობა არა Agos-ში, არამედ ჯერ კიდევ Imagine-ის ცენტრში 2009 წელს დაიწყო, სადაც ტრენერად ვმუშაობდი, შემდეგ – ფასილიტატორად, უკვე შემდეგ კი, თანადირექტორად.

ორგანიზაცია დღესაც აგრძელებს მუშაობას კონფლიქტოლოგიის სფეროში. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა პროგრამა და ვმუშაობდით სხვადასხვა ჯგუფთან აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან.

პირველი დიალოგი ორივე ქვეყნის ჟურნალისტებს შორის 2013 წელს გვქონდა, რომელიც წარმატებულად ჩატარდა და თურქეთში დაბრუნების შემდეგ გაზეთ Agos-ში კორესპონდენტის სამუშაო შემომთავაზეს. მაშინ ეს წინადადება საინტერესოდ მომეჩვენა, განსაკუთრებით დიალოგის შემდეგ, და დავთანხმდი.

მეგობრები მაფრთხილებდნენ, რომ სირთულეები მექნებოდა ამის გამო, მაგრამ ვფიქრობდი, ყველაფრის დაძლევა შემიძლია. არსობრივად, არაფერი ახალი არ გამიკეთებია იქ, უბრალოდ, კონფლიქტოლოგიის სფეროში ჩემი სამუშაო გავაგრძელე და კონფლიქტებზე ვწერდი, თუმცა, რა მელოდა წინ, ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი.

დიდხანს და დაჟინებით მდევნიდნენ. სიკვდილითაც მემუქრებოდნენ. მემუქრებოდნენ არა მხოლოდ მე, ჩემს ოჯახსაც. წერდნენ და აქვეყნებდნენ საშინელებებს ჩემს მშობლებზე. ვხედავდი, როგორ სვრიდნენ ტალახში “ჟურნალისტები” ჩემს გარდაცვლილ მამას. მაგრამ ყველაზე საშიში იყო სრულიად უცნობი ადამიანების რეაქციები სოციალურ ქსელებში, რომლებიც წერდნენ ჩემზე და ჩემს ოჯახზე. წერდნენ, რომ მოღალატე და იაფფასიანი მეძავი ვარ, ამავეს წერდნენ ჩემს მშობლებზე. ასეთი რამისთვის ვერ იქნები ვერასოდეს მზად.

თავიდან ძალიან რთული იყო ამის გადატანა. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი, როგორ უნდა მებრძოლა ამ საშინელების წინააღმდეგ. იყო მომენტები, როდესაც უბრალოდ მინდოდა სამუდამოდ გავმქრალიყავი. გამიმართლა, რომ ჩემ გარშემო იყვნენ ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომლებმაც მხარი დამიჭირეს.

ეს პერიოდი ყველაზე რთული იყო ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში. ჟურნალისტობის მიტოვებას არ ვფიქრობდი, მაგრამ ერთხელ ჩემს ძმას ვურჩიე, ჩემზე უარი ეთქვა მას შემდეგ, რაც შემომჩივლა, რომ ჩემი “საქმიანობა” მას ავნებდა. მას არ აინტერესებდა, რას ვგრძნობდი.

ამას წინათ დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა ქალ ჟურნალისტებზე, რომელთაც ემუქრებოდნენ. ინტერვიუში მე აღვწერე ეს პერიოდი, როგორც შავი ლაქა. შეიძლება დრამატულია, მაგრამ ეს დრო ჩემთვის ყველაზე შავბნელი და საშიში იყო. მადლობელი ვარ მეგობრების, კოლეგების და იმ ბევრი ორგანიზაციის, რომლებმაც დახმარების ხელი გამომიწოდეს. რომ არა ისინი, ყველაფერი უარესად დასრულდებოდა.

ბოლოს როდის იყავით აზერბაიჯანში?

2014 წელს ვიყავი ბოლოს ბაქოში. უკანასკნელად მაშინ ვნახე მამის საფლავიც.

როგორ ფიქრობთ, რომელი სტატიის შემდეგ ან გამონათქვამის შემდეგ იქეცით აზერბაიჯანის ხელისუფლების მტრად?

როგორც ვხვდები, გაზეთ modern.az – ში ინტერვიუს შემდეგ, სადაც  ჩემზე, სამსხურზე და გამოციდლებაზე მოყოლა მთხოვეს. ეს ინტერვიუ შემდეგ არაერთმა აზერბაიჯანულმა გამოცემამ, მათ შორის პროსახელისუფლებო მედიებმა, გადაბეჭდეს უკითხავად. ვფიქრობ, ეს იყო დარტყმა იმისთვის, რომ ვწერდი საერთაშორისო გამოცემებში და საერთაშორისო პლატფორმებზე გამოვდიოდი.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აზერბაიჯანიდან ბევრი ოპიზიციონერი მიდის, რომლებიც სულაც არ სხედან გულხელდაკრეფილი ევროპაში. მეტიც, მათ შექმნეს გარკვეული წრე და მედიები. ამავე დროს, როდესაც აზერბაიჯანში არ დარჩა ფაქტიურად არცერთი დამოუკიდებელი პორტალი ან გაზეთი, როგორც ჟურნალისტი, რას ფიქრობ, ბლოგერებს, ტელევიზიებს, საინფორმაციო პორტალებს, რომლებიც აზერბაიჯანის გარეთ ფუნქციონირებენ, შეუძლიათ ჩვენი ქვეყნის საინფორმაციო სივრცე ამოავსონ?

რა თქმა უნდა, ვერ შეავსებ ქვეყანაში ინფორმაციულ ღრუს, თუკი უშუალოდ აზერბაიჯანში არ ხარ ფიზიკურად. თუმცა, როგორც თქვენც თქვით, ასეთ უძლურებაში ეს ერთ-ერთი ვარიანტია. ეს უკეთესია, ვიდრე საერთოდ ინფორმაციის გარეშე ყოფნა. ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს ასეთ ვითარებაში.

მას შემდეგ, რაც ბევრი აქტივისტი გადმოვიდა ევროპაში საცხოვრებლად, ხელისუფლებამ დაიწყო ზეწოლის ახალი ეტაპი ნათესავებზე, ახლობლებზე, ასევე, საზღვარგარეთ დევნის, კიბერშეტევების სახით. რა არის ძირითადი საფრთხე ახლა ამ ადამიანებისთვის, რისი უნდა ეშინოდეთ?

პირველ რიგში, ეს არიან ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ უნდა გააძლიერონ ციფრული უსაფრთხოება და კიბერშეტევებისგან დაიცვან საკუთარი საიტები.

ამ ეტაპზე ტექნოლოგია, რომელსაც აზერბაიჯანის ხელისუფლება იყენებს, არა მხოლოდ ვებგვერდებზე თავდასხმის, არამედ ანგარიშების გატეხვისა და ინფორმაციის მოპოვების საშუალებას იძლევა.

შემდეგ აუცილებლად უნდა გქონდეს გეგმა B იმ შენი ახლობლებისთვის, ვინც ჯერ კიდევ ქვეყანაში რჩება, ვინაიდან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ არავინაა უსაფრთხოდ.

საჭიროა ყველა ნაცნობი, მეგობარი, ნათესავი გააფრთხილო იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც მათ ელით იმ შემთხვევაში, თუკი თავად ჟურნალსიტები და აქტივისტები ხელისუფლების დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან.

თქვენ გიგრძვნიათ საფრთხე თქვენი ახლობლების გამო?

დღესდღეობით მე არ ვგრძნობ თავს საფრთხეში, მაგრამ ოთხი წლის წინ, როდესაც პირველად დამემუქრნენ მოკვლით, რა თქმა უნდა, ახლო ადამიანების გამოც ვღელავდი, მაგრამ ისიც მესმოდა, რომ შიშით ცხოვრება არ არის გამოსავალი.

რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს ისეთი მომენტები, მაგრამ ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე დიდხანს. ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა და მისი შიშით გატარება არ მგონია, რომ ჯანსაღი იყოს. ამიტომაც ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე.

ვიცით, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, უკრაინა, საქართველო ან თურქეთი, აზერბაიჯანელი ოპოზიციონერებისთვის სახიფათოა. მაგალითად, თურქეთმა ბოლო რამდენიმე წელში ალიევის რეჟიმის “ორი მტერი” გადასცა აზერბაიჯანს. ასეთ პირობებში არ გეშინიათ თურქეთში ცხოვრება? ვიცი, რომ ბევრს მოგზაურობთ და ამჟამად  იქ არ ხართ, თუმცა, როგორც თურქეთის რეზიდენტი, იქ ხშირად იმყოფებით.

მე 2010 წლიდან ვარ თურქეთში, ბევრი რამ შეიცვალა 8 წლის განმავლობაში. 2016 წელს თურქეთის მოქალაქეობა მივიღე. მამშვიდებს თუ არა ეს ფაქტი, არ ვიცი. როგორც გითხარით, არის მომენტები, როდესაც მძაფრად ვფიქრობ საფრთხეზე.

არც ისე დიდი ხნის წინ აქ დავაფუძნეთ უცხოელი ჟურნალისტებისთვის ასოციაცია. მინდა მჯერეოდეს, რომ ეს ხელს შეუწყობს როგორც სხვა ჟურნალისტების, ასევე, ჩემს უსაფრთხოებას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი