ახალი ამბები

“ვერანაირი დადებითი კანდიდატურა ჩინჩალაძეს ვერ გადაწონის” — ჯანეზაშვილი

24 დეკემბერი, 2018 • 1370
“ვერანაირი დადებითი კანდიდატურა ჩინჩალაძეს ვერ გადაწონის” — ჯანეზაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი უარყოფითად აფასებს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად ჩინჩალაძის, გვრიტიშვილისა და სხვების დასახელებას.

კანდიდატების დასახელებას 24 დეკემბერს დარბაზში ხმაური მოჰყვა. საბჭოს არამოსამართლე წევრებმა — ნაზი ჯანეზაშვილმა და ანა დოლიძემ — სიაში მიხეილ ჩინჩალაძის ყოფნა გააპროტესტეს.

როგორც ისინი ამბობენ, დასახელებული კანდიდატების შესახებ მათაც სხდომაზე გაიგეს. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო კიდევ ერთმა წევრმა, ირმა გელაშვილმა. მისი თქმით, კანდიდატების შერჩევა ღიად, კონკურსის წესით უნდა მომხდარიყო.

“შოკირებული ვარ დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც საბჭომ მიიღო, რადგან ბოლო წუთამდე მქონდა იმედი, რაღაც მინიმალურ სტანდარტს მაინც დააწესებდნენ. შოკირებული ვარ პირველ რიგში იმით, რომ საბჭო სხვა წევრების აზრს არ ითვალისწინებს. მაგრამ ეს იყო უმაღლესი დონის საკითხი, რომელიც დღეს განიხილებოდა”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

მისი თქმით, “სასაცილოა, მაგრამ არც კი ვიცით, ინფორმირებული არის თუ არა ეს 10 ადამიანი, რომლებიც სიაშია წარმოდგენილი”.

ჯანეზაშვილის თანახმად, “მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ ჩინჩალაძე მოგვევლინება, როგორც ჩანს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ”.

მისი შეფასებით, “ეს სია კრიტიკას ვერ უძლებს. აქ რამდენიმე ღირსეული ადამიანი შეიძლება ნახოთ, მაგრამ პროცედურები იყო დარღვევით. ამასთან, ვერანაირი დადებითი კანდიდატურა მიხეილ ჩინჩალაძეს ვერ გადაწონის. ის არის ადამიანი, რომელმაც სერიოზული ზიანი მიაყენა სასამართლო სისტემას თავისი მართველობის სტილიდან გამომდინარე. მე იმედი მაქვს პარლამენტი ამ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს”, – განაცხადა ჯანეზაშვილმა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.

ესენი არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და სხვები დაასახელეს

საბჭოს სამმა წევრმა – ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. დანარჩენმა წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანდიდატებს. პროცედურის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სია პარლამენტს გაეგზავნება დასამტკიცებლად.

სასამართლო სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძის გავლენებსა და როლზე, ასევე სისტემის რეფორმის ხარვეზებზე, ნახეთ სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება:

მასალების გადაბეჭდვის წესი