ახალი ამბები

უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და სხვები დაასახელეს

24 დეკემბერი, 2018 • 2628
უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებად ჩინჩალაძე, გვრიტიშვილი და სხვები დაასახელეს

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს, 24 დეკემბერს გამართულ სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა. აღნიშნულ კანდიდატებს საბჭო პარლამენტს წარუდგენს დასამტკიცებლად.

ესენი არიან:

  • მიხეილ ჩინჩალაძე;
  • გიორგი მიქაუტაძე;
  • მარიამ ცისკაძე;
  • ნინო ქადაგიძე;
  • პაატა სილაგაძე;
  • დიმიტრი გვრიტიშვილი;
  • მერაბ გაბინაშვილი;
  • ნინო სანდოძე;
  • თამარ ალანია;
  • გიორგი ტყავაძე.

საბჭოს თავმჯდომარის, გიორგი მიქაუტაძის თქმით, მას შემდეგ, რაც ნინო გვენეტაძე წავიდა, უზენაეს სასამართლოში არის 11 წევრი.

“დიდი ხანია უზენაესი სასამართლოს წევრებით შევსება არ მომხდარა. ეს პროცესი ფაქტობრივად გაჩერებულია და სისხლის საქმეთა პალატაში ერთი მოსამართლეა. ამის გამო მეორე მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გავუგრძელეთ. ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ აწესებს კრიტერიუმებსა და პრონციპებს, რომლითაც შეირჩევიან საერთო სასამართლოების მოსამართლეები”, – თქვა მიქაუტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. მან აღნიშნულს “ქვეყნის ტრაგედია” უწოდა.  დღეს საბჭოში თავისი პროტესტის გამოსახატად ჯანეზაშვილი 2 თვის შვილთან ერთად იყო მისული.

საბჭოს სამმა წევრმა – ანა დოლიძემ, ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა – კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. დანარჩენმა წევრებმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ კანდიდატებს. პროცედურის შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული სია პარლამენტს გაეგზავნება დასამტკიცებლად.

სასამართლო სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძის გავლენებსა და როლზე, ასევე სისტემის რეფორმის ხარვეზებზე, ნახეთ სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებული ჟურნალისტური გამოძიება:

მასალების გადაბეჭდვის წესი