ახალი ამბებისამართალი

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

24 დეკემბერი, 2018 • 2289
დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ზუგდიდის მერიის მაღალჩინოსანი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური პოლიტიკისა და სერვისების მართვის სამსახურის უფროსი თენგიზ ქობალია და მოქალაქე ხუტა ბაღათურია დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, თენგიზ ქობალიამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცემერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა, ხოლო ხუტა ბაღათურიამ იმისათვის, რომ არ ემხილებინა გია გულორდავა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში, გამოძიებას განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) და 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცრუ ჩვენება) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

  • ქავერის ფოტოზე: თენგიზ ქობალია (მარცხნივ) და ლაშა გოგია

დაკავებამდე თითქმის ორი თვით ადრე, 13 სექტემბერს, ზუგდიდის არჩეულმა მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა მიზეზის დასახელების გარეშე დატოვა. ის მერის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ზუგდიდის ყოფილი მერი და მისი მოადგილე პირველ ნოემბერს დააკავა, ხოლო 11 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ პატიმრობა შეუფარდა.

სუს-ის ინფორმაციით, 2018 წლის პირველ ნახევარში გოგიამ და გულორდავამ ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღისა და  რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით 21 500 აშშ დოლარი გამოართვეს.

ლაშა გოგიასა და გია გულორდავას დაკავების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი