ახალი ამბები

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის უფროსად სოსო რამიშვილი დაინიშნა

24 დეკემბერი, 2018 • 2439
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებოს სამსახურის უფროსად სოსო რამიშვილი დაინიშნა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად სოსო რამიშვილი დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამოსცა.

სოსო რამიშვილს მიმდინარე წლის მაისიდან საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა, მას შემდეგ კი, რაც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ლევან გამყრელიძე დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, უფროსის მოვალეობას ასრულებდა.

ლევან გამყრელიძემ პოსტი მიმდინარე წლის ოქტომბერში პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ლევან გამყრელიძე 2017 წლის 8 ივნისს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და ყოფილმა ვიცეპრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა წარადგინა.

სოსო რამიშვილი სხვადასხვა დროს სუს-ისა და RMG-ის თანამშრომელი იყო. რამიშვილი ოქროს და სპილენძის მომპოვებელი კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილედ 2017 წლის 21 თებერვლიდან 2018 წლის 13 მარტამდე მუშაობდა. მან ამ თანამდებობებზე ყოფნისას 2017 წელს 102 456 ლარი მიიღო.

RMG-ში დასაქმებამდე, 2016-17 წლებში, რამიშვილი სახელმწიფო კომპანიის, “მარაბდა კარწახის” რკინიგზის ფინანსური დირექტორის მოადგილე იყო. შპს “მარაბდა-კარწახის რკინიგზა” ბაქო-თბილისი-ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო გზის იმ ნაწილს აშენებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიზე გადის.

ამავე პერიოდში, 2016 წლის 2 მარტიდან 2017 წლის 1 თებერვლამდე, იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მე-4 მთავარი სამმართველოს განყოფილების უფროსი იყო.

საგამოძიებო სამსახურის მისია საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში დანაშაულის პრევენციის მიზნით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების შედეგად ბიზნესგარემოს გაუმჯობესება და ეკონომიკური დანაშაულობების აღმოფხვრაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი