ახალი ამბები

ველისციხის ინციდენტის გამო ერთ-ერთ დაკავებულს 3 500 ლარიანი გირაო შეუფარდეს

22 დეკემბერი, 2018 • 1594
ველისციხის ინციდენტის გამო ერთ-ერთ დაკავებულს 3 500 ლარიანი გირაო შეუფარდეს

სასამართლომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დღეს ველისციხეში ოპოზიიციის მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად დაკავებულ ქეთევან მირიანაშვილს 3 500-ლარიანი გირაო შეუფარდა.

მირიანაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ 22 დეკემბერს განუსაზღვრა აღკვეთის ღონისძიებად 3500-ლარიანი გირაო.

როგორც მირიანაშვილის ადვოკატი დავით ახალაური ამბობს, ბრალდების მხარე 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. მისი თქმით, დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას საერთდ არ ეთანხმებოდა და აცხადებდა, რომ მირიანაშვილის ქმედაბაში არ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები.

სასამართლომ ნაწილობრივ დააკამყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 3 500 ლარიანი გირაო შეუფარდა.

IPN-ის თანახმად, წინასასამართლო სხდომა 2019 წლის 6 თებერვალს, 12:00 საათზე ჩაინიშნა.

შსს-მ მირიანაშვილი ხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, – სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავა 19 დეკემბერს. თუმცა 22 დეკემბერს მუხლი გადაკვალიფიცირდა — გამოძიება პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის და ძალადობის მუხლით გრძელდება.

ოპოზიციას ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად აქცია თელავში ჰქონდა დაანონსებული, თუმცა გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სოფელ ველისციხესთან, ყვარლის გადასახვევთან, პოლიციის მიერ გზის გადაკეტვამ ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების პროტესტი გამოიწვია, რასაც მოჰყვა დაპირისპირებები პოლიციასთან.

შსს აცხადებდა, რომ ოპოზიციას შეეძლო შემოვლითი გზით წასულიყვნენ თელავში, ოპოზიცია კი გზის გახსნას ითხოვდა.

გურჯაანი-თელავის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ენმ-ის წევრებიც დააკავეს, მათ შორის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი დავით კირკიტაძე. მას 19 დეკემბერს წაუყენეს ბრალი. მის დაკავებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა გახარიამ განაცხადა: “დავით კირკიტაძე სწორად ჩავაგდეთ და სხვებსაც ჩავაგდებთ, ვინც დაიმსახურებს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი