ახალი ამბები

ლონდონის გეთვიკის აეროპორტში დრონის გამოჩენის გამო რეისები კვლავ გაუქმდა

21 დეკემბერი, 2018 • 2314
ლონდონის გეთვიკის აეროპორტში დრონის გამოჩენის გამო რეისები კვლავ გაუქმდა

ფრენები ლონდონის გეთვიკის აეროპორტში, უსაფრთხოების მიზნით, ისევ გაუქმდა. როგორც ხელმძღვანელობა აცხადებს, მიზეზი კვლავ ცნობებს უკავშირდება აეროპორტის თავზე დრონის გამოჩენის შესახებ.

“შევიტყვეთ ცნობა კიდევ ერთი დრონის გამოჩენის შესახებ და ვიძიებთ მას”, – განაცხადა გეთვიკის პრესსპიკერმა.

BBC-ს ცნობით, ობიექტმა აღნიშნულ არეალში მოძრაობა ადგილობრივი დროით 17:10-ზე დაიწყო. ტელეარხის ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ჯერ არ დაუდასტურებია ცნობა, თუმცა სასექსის პოლიცია აცხადებს, რომ სამართალდამცავები საქმეს უკვე იძიებენ.

გეთვიკის აეროპორტი, ადგილზე დრონის ფრენის გამო, პირველად ოთხშაბათს დაიხურა. მაშინ, უსაფრთხოების მიზნით, 760 ავიარეისი გაუქმდა. მათ შორის იყო ფრენა ლონდონიდან თბილისის მიმართულებით, რომელსაც Georgian Airways ასრულებდა. აეროპორტის ტერიტორიაზე ამის გამო ბევრი მგზავრი შეყოვნდა და ლოდინი მოუწიათ როგორც თვითმფრინავებში, ისე – აეროპორტის იატაკზე.

ამის შემდეგ, დღეს, 21 დეკემბერს, ფრენები აღდგა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ დროებით.

პოლიცია პირველი ასეთი შემთხვევისას აცხადებდა, რომ აეროპორტის ტერიტორიაზე დრონის აფრენა იყო მიზანმიმართული აქტი, რომლის მიზანიც აეროპორტის პარალიზება იყო. სამართალდამცავები მოუწოდებენ ყველას, პოლიციას მიაწოდონ ინფორმაცია იმ პირის ან პირთა შესახებ, რომლებმაც ეს აკრძალული ქმედება ჩაიდინეს.

გეთვიკი ბრიტანეთის ყველაზე დატვირთულ აეროპორტებს შორის მეორე ადგილი უკავია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი