ახალი ამბები

ველისციხეში ენმ-ის აქციის შემდეგ დაკავებულ აქტივისტს გირაო შეუფარდეს

21 დეკემბერი, 2018 • 1817
ველისციხეში ენმ-ის აქციის შემდეგ დაკავებულ აქტივისტს გირაო შეუფარდეს

“ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტი ვალერი მუსაევი, რომელიც გურჯაანი-თელავის გზაზე 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს, 21 დეკემბერს გაიმართა. ბრალდების მხარე მუსაევისთვის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

როგორც მუსაევის ადვოკატმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, გირაოს თანხა უკვე გადახდილია, მისი დაცვის ქვეშ მყოფი კი – გათავისუფლებული.

ვალერი მუსაევი სამართალდამცავებმა 19 დეკემბერს დააკავეს. გამოძიება მას, დავით კირკიტაძის მსგავსად, გურჯაანი-თელავის გზაზე, “ნაციონალური მოძრაობის” აქციაზე, პოლიციაზე ზეწოლას ედავებოდა. გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი – 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობდა.


გაერთაინებული ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება 16 დეკემბერს რამდენჯერმე მოხდა, მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ოპოზიციის კოლონას თელავისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს. ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა.

მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიციას შეეძლო ყვარლის გავლით გზის გაგრძელება და ეს მარშრუტი შეთანხმებული იყო. თუმცა, აქციის მონაწილეების თქმით, მათ მხოლოდ გომბორის გზის დაკეტვის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.

გაერთიანებული ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციის გამართვას სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ზურაბიშვილს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი