ახალი ამბები

საქართველო “რეფორმების ექსპორტის” სააგენტოს ან ფონდს შექმნის – ზალკალიანი

21 დეკემბერი, 2018 • 1225
საქართველო “რეფორმების ექსპორტის” სააგენტოს ან ფონდს შექმნის – ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ინფორმაციით, “ელჩების კონფერენცია 2018”-ის ფარგლებში რეფორმების ექსპორტის ინსტიტუციონალიზაციაზე იმსჯელეს.

“საუბარი გვქონდა საქართველოს რეფორმების და თანამშრომლობის სააგენტოს ან ფონდის შექმნაზე. სახელწოდებაზე ჯერ საბოლოოდ ჩამოყალიბებული არა ვართ, მაგრამ კონცეფცია არის ის, რომ შეიქმნას სააგენტო ან ფონდი, რომელიც ფოკუსირებული იქნება საქართველოში განხორციელებული პოზიტიური  რეფორმების ექსპორტზე. ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური შეფასება იმ რეფორმებთან მიმართებაში, რომლებიც ქვეყანაში განხორციელდა. ორმხრივ ფორმატებში ვთანამშრომლობთ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნებთან, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული რეფორმების ექსპორტი მოხდეს. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ამას სჭირდება ინსტიტუციონალურად ერთ სისტემაში გაფორმება. დავიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ რეგიონზე გვქონდეს წვდომა”, – განაცხადა ზალკალიანმა.

რეფორმებს შორის, რომლებიც საქართველოს შეუძლია “ექსპორტზე გაიტანოს”, საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლიციის, საჯარო ადმინისტრირებისა და საგადასახადო რეფორმები დაასახელა. ასევე, აღნიშნა, რომ საქართველო მოწინავე პოზიციაზეა კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანის თქმით, მსგავსი სახის რეფორმებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა აფრიკის, წყნარი ოკეანის რეგიონიდან და ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი