ახალი ამბები

ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ბოჟაძე, ჟვანია და შელეგია დაასახელა

21 დეკემბერი, 2018 • 3198
ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ბოჟაძე, ჟვანია და შელეგია დაასახელა

სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ცნობით, დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და წარუდგინა თავმჯდომარის სამი კანდიდატურა.

წარდგენილი კანდიდატები არიან მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე. ზურაბიშვილის პრესსამსახური აცხადებს, რომ ისინი საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა.

თამარ ჟვანია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარეა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გასდის. მარიამ შელეგია მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობს. ის 2015 წლის გაზაფხულამდე თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე იყო. შელეგიამ 2013 წელს “ქართულ ოცნებას” 10 ათასი ლარი შესწირა. რაც შეეხება ვლადიმერ ბოჟაძეს, ის არის “სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრის” ხელმძღვანელი, ასევე, ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზურნველყოფის კომისიის წევრი.

საქართველოს პარლამენტმა ცესკოს ახალი თავმჯდომარე სწორედ ამ სამი კანდიდატიდან უნდა დაამტკიცოს.

პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატის შერჩევის პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ იმ მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოში არჩევნებს უკვე წლებია აკვირდებიან. ამ ორგანიზაციებს შორის არიან “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, EMC, ISFED.

მთავარ ფოტოს წყარო: ვლადიმერ ბოჟაძის ფეისბუკ გვერდი. მარცხნიდან: ვლადიმერ ბოჟაძე, თამარ ჟვანია, მარიამ შელეგია.

მასალების გადაბეჭდვის წესი