ახალი ამბები

გახარია: ეს მაყურებელი ხვიჩა ცხაკაია საერთოდ არ იძებნება ზუგდიდში

21 დეკემბერი, 2018 • 5670
გახარია: ეს მაყურებელი ხვიჩა ცხაკაია საერთოდ არ იძებნება ზუგდიდში

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ უარყო ოპოზიციის ბრალდება ზუგდიდში ე.წ ქურდული  სამყაროს წარმომადგენლებთან კავშირზე და თქვა, რომ ხვიჩა ცხაკაია, რომელიც, ოპოზიციის ინფორმაციით, ზუგდიდის ე.წ მაყურებელია, “საერთოდ არ იძებნება ზუგდიდში”.

გახარიამ ამის შესახებ პარლამენტში გამოსვლისას, ოპოზიციური პარტია “ევროპული საქართველოს” წევრის, თენგიზ გუნავას კითხვაზე პასუხისას ისაუბრა:

“მეორედ დამისახელა [გუნავამ] ვინმე ცხაკაია, მაყურებელი. ეს ცხაკაია ზუგდიდში არ იძებნება საერთოდ. ჩამოვალ ერთხელ და მანახეთ, ეს ცხაკაია ვინ არის. რას უყურებს, ისიც მანახეთ. თუ გინდათ, ერთად შევხვდეთ მე და თქვენ. იქნებ რუსთავი2-ს უყურებს ან რამე. არ ვიცი, უბრალოდ”.

გახარიას ამ პასუხს ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა. “სირცხვილია”, – ასე შეაფასა თენგიზ გუნავამ გახარიას პასუხი. მისივე ინფორმაციით, მეორე ტურის წინ გახარია ცხაკაიასთან შეახვედრეს.

“მე? მე შემახვედრეს? იტყუილებით. სამწუხაროდ, იტყუილებით. სამწუხაროდ”, – უპასუხა გახარიამ გუნავას.

მოგვიანებით გუნავამ გახარია კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ცხაკაიასთან თანამშრომლობაში. “მე კი არ ვიტყუები, ვიღაცა თქვენ გატყუებთ მაშინ, ვერ გაიგეთ, რომ ზუგდიდში ცხოვრობს თუ არა ეს ადამიანი”.

ხვიჩა ცხაკაიას სახელი 2018 წლის საარჩევნო პერიოდში გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის წარმომადგენლობამ ახსენა.

20 ნოემბერს ენმ-ის წევრმა მურთაზ ზოდელავამ ზუგდიდში ბრიფინგზე განაცხადა, რომ გახარიამ სამეგრელოში ე.წ მაყურებლები (გარკვეული ტერიტორიის მაკონტროლებელი პირები), კანონიერი ქურდები და მათი ახლობლები “გაააქტიურა არჩევნების მეორე ტურზე ზემოქმედების მიზნით”.

მისივე თქმით, ცხაკაიას გამოუყვეს ავტომანქანა “რენჯროვერი”, საგანგებოდ დაუბურეს მანქანის ფანჯრები სპეციალური ნებართვის საფუძველზე და იგი ამ ავტომობილით გადაადგილდებოდა, მოსახლეობას თანხას ურიგებდა “ოცნების” მხარდაჭერის სანაცვლოდ და აშინებდა კიდეც მათ.

ხვიჩა ცხაკაიას სახელი 2017 წელსაც ახსენეს — შარშან დეკემბერში თენგიზ გუნავამ გახარაის უთხრა, ზუგდიდში ჯერ კიდევ არის მაყურებელი ამ სახელითო. ცხაკაიამ ამის შემდეგ გაზეთ “კვირასთან” საუბარში უარყო, რომ მაყურებელია.

ცხაკაია 2007 წელს დააპატიმრეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა იგი 2012 წელს გამოვიდა პატიმრობიდან.

იგი “ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერის, პოლიტპატიმარ მელორ ვაჩნაძის შვილის ნათლიაა.

ხვიჩა ცხაკაია

მასალების გადაბეჭდვის წესი