ახალი ამბები

გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია – გახარია კერზაიას საქმეზე

21 დეკემბერი, 2018 • 1716
გარდაცვალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება ამორალურია – გახარია კერზაიას საქმეზე

გიორგი გახარია დღეს, 21 დეკემბერს, პარლამენტში კითხვებზე პასუხისას ია კერზაიას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

“რა თქმა უნდა, თუ არის პროცედურული კითხვები, რა მოხდა, როგორ მოხდა და რანაირად გაკეთდა… უბრალოდ, მე ერთი რამის მეშინია, კერძოდ, ამ თემების პოლიტიკური მიზნებისვის გამოყენების… მე გპირდებით პირადდად, ერთ საქმესაც და მეორესაც [დავით კირკიტაძის საქმეს] დავამთავრებთ და შემდეგ სპეციალურად ამ თემებისთვის მოვალ აქ და თქვენ თუ გეყოფათ ვაჟკაცობა, რომ დასხდეთ აქ და ვისაუბროთ… მერე უბრალოდ შეგრცხვებათ. მე ვიტყვი, რომ ადამიანური ტრაგედიის, გარდაცვალებისა და სიკვდილის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, რასაც ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ, უბრალოდ, ამორალურია,” – ამბობს გახარია.

ია კერზაიას ოჯახი ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებულ ინსპექციასა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს. 26 ნოემბერს ია კერზაიას შვილმა, ბაჩანა შენგელიამ Facebook-ზე დაწერა, რომ “არაერთი შეთავაზების მიუხედავად, დედამისი არ გახდა “ქართული ოცნების” აქტივისტი, არჩევნების წინ არ გადასცემს მათ მომხრეების სიას და მათივე ცნობიერებით არ არის “მათიანი”. ამ დროს ის არ არის არცერთი პოლიტიკური გაერთიანების აქტივისტი”.

როგორც ბაჩანა შენგელიამ ნეტგაზეთს უთხრა, სკოლის შემოწმებიდან დასკვნამდე პერიოდში კერზაიას შემოუთვალეს, რომ თუ “ოცნებისთვის” იმუშავებდა, მათ მხარდამჭერთა სიებს მიაწვდიდა და ა.შ, “დამოკიდებულება შეიცვლებოდა”.

ია კერზაია  9 დეკემბერს გარდაიცვალა ანევრიზმის შედეგად.

მასალების გადაბეჭდვის წესი