ახალი ამბები

სააკაშვილი აღიარებს, რომ არჩევნებზე ყალბი ამბების გვერდებს მისი მხარდამჭერები ქმნიდნენ

21 დეკემბერი, 2018 • 11919
სააკაშვილი აღიარებს, რომ არჩევნებზე ყალბი ამბების გვერდებს მისი მხარდამჭერები ქმნიდნენ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბ ლაივის დროს აღიარა, რომ სწორედ მისი მხარდაჭერები მართავდნენ იმ ფეისბუკ გვერდებს, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის ყალბ ახალ ამბებს ავრცელებდნენ. ამ გვერდების მთავარი სამიზნე ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, თავად “ქართული ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი იყვნენ.

როგორც სააკაშვილმა თქვა, გურამ დონაძე იყო ავტორი ერთ-ერთი ასეთი ფეისბუკ გვერდისა “რეზიდენტი სალომე”. რაც შეეხება კიდევ ერთ მსგავს გვერდს, რომელსაც “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო” ჰქვია, ხელმღვანელობდა ენმ-სთან აფილირებული ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” აქტივისიტი ფარნაოზ ჭკადუა.

“კირკიტაძის დაკავებამდე 2 დღით ადრე ციხეში 5 წლით გაუშვეს გურამ დონაძე. ის გაასამართლეს რობაქიძის საქმეზე მტკიცებულებების გაყალბებისთვის. თუ მტკიცებულებები გაყალბდა ამ საქმეში, კრიმინალური პოლიციის უფროსი ვინც იყო იმ დროს და, წესით, ვისაც უნდა გაეყალბებინა, იმას შეუფარდეს პირობითი სასჯელი და პრესცენტრის ხელმძღვანელი გურამ დონაძე გაუშვეს ციხეში. რატომ? იმიტომ, რომ გურამ დონაძის გაკეთებული იყო ფეიჯი “რეზიდენტი სალომე”, ვიდეოები ივანიშვილის წინააღმდეგ არჩევნების დროს და ივანიშვილმა ამ არჩევნების პერიოდში გურამ დონაძის აქტივობას გასცა პასუხი”, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სწორედ ამ მოტივით აპირებენ ფარნაოზ ჭკადუას დაკავებასაც, რომელსაც ბრალი წაყენებული აქვს ჯგუფური ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით. მას “ასავალ-დასავალის” ჟურნალისტთან 2014 წელს მომხდარი ჩხუბის გამო ასამართლებენ.

“25 დეკემბერს დანიშნულია ფარნაოზ ჭკადუასთვის მისჯა. ფარნაოზ ჭკადუა არის “ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტოს” შემქმნელი. ეს არის ის სააგენტო, სადაც სრულიად უფულოდ მუშაობს ჩვენი ხალხი და ივანიშვილის რუსული სტილის, მრავალმინიონიან ფეისბუკოპერაციებს უწევდა წინააღმდეგობას. ფარნაოზ ჭკადუას ციხეში უშვებენ იმის გამო, რომ ის იყო გია ვაშაძის კამპანიის ფეისბუკ კოორდინატორი და ის აკეთებდა ყველაფერ ამას, რაც ჩვენი აქტიურობა იყო ფეისბუკზე და რამაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა ივანიშვილის”, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის მიერ დასახელებული ფეისბუკ გვერდები 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის პერიოდში ხშირად ავრცელებდნენ სალომე ზურაბიშვილის მადისკრედიტებელ ამბებს, რომელთა ნაწილი იყო ყალბი.

მაგალითად, როგორც გვერდი “რეზიდენტი სალომე” წერდა, სალომე ზურაბიშვილი ზაზა სარალიძის დაკავებას ამართლებს და ამბობს, რომ მოკლული დავით სარალიძის მამა “ჭკუას ისწავლის”. თუმცა პრეზიდენტობის კანდიდატს მსგავსი რამ არ უთქვამს.

ზურაბიშვილს არც მეგრელებისა და კახელების შეურაცხმყოფელი განცხადებები ეკუთვნის. ეს ინფორმაციაც “რეზიდენტი სალომეს” გავრცელებულია.

ზურაბიშვილს არც მეგრელებისა და კახელების შეურაცხმყოფელი განცხადებები ეკუთვნის.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ყალბი ამბები მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის დისკრედიტაციის მიზნით არ ვრცელდებოდა. მადისკრედიტებელი კამპანიის სამიზნე იყო “გაერთიანებული ოპოზიციის” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძეც.

უარყოფითი წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაზე მიუთითებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებიც.

“სამართლიანი არჩევნების” ინფორმაციით, წინსაარჩევნო პერიოდში 160 მადისკრედიტებელი გვერდიდან 43 სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული, 72 კი, გრიგოლ ვაშაძის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ზემოხსენებულ გვერდებში შევიდა 8 მოჩვენებითი მხარდამჭერი გვერდი, 19 ყალბი მედიასაშუალება და 23 ულტრანაციონალისტური გვერდი.

ნეგატივზე აგებული საარჩევნო კამპანია გააკრიტიკა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმღვანელმაც. როგორც კარლ ჰარცელმა თქვა, “მიუღებელია სიძულვილის ენა და ის მუქარები, რაც საპრეზიდენტო კანდიდატების მიმართ ისმის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი