ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი: საქართველოში მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია ჩვენთვის გაუგებარია

2 ივლისი, 2014 • • 1201
ცხინვალი: საქართველოში მყოფი საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია ჩვენთვის გაუგებარია

როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტების დარეგულირების საკითხში ხოხ გაგლოითიმ განუცხადა, სამხრეთ ოსეთის მხარემ საქართველოს მხრიდან საზღვრის დარღვევის რეჟიმის რამდენიმე ფაქტზე მიუთითა. გაგლოითის კომენტარს აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის გამოცემა რეს-ი აქვეყნებს.


გაგლოითის თქმით, შეხვედრის სამხრეთ ოსეთის მონაწილეებმა პროტესტი გამოთქვეს გამყოფ ხაზთან საქართველოს სამართალდამცავთა მოახლოების ფაქტებთან დაკავშირებით.

“ჩვენ გამოვხატეთ მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება მსგავს ქმედებებზე, რომელიც ჩვენი აზრით პროვოკაციულ ხასიათს ატარებს,”- განაცხადა მან.

 

მისივე თქმით, 21 ივნისს სასაზღვრო ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან დაახლოებით 50-მა ადამიანმა “გაურკვეველი ტიპის შეკრება ჩაატარა.”

 

“ჩვენთვის უცნობ ენაზე ისინი სამხრეთ ოსეთის მხარის მიმართ რაღაცეებს გაჰყვიროდნენ.”

 

გაგლოითი ამბობს, რომ სამხრეთ ოსეთი ელოდება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეაქციას მსგავს ფაქტებზე და აცხადებს, რომ საპროტესტო მიტინგთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე წლის მარტში საზღვართან საქართველოს მხარემ მოაწყო, EUMM-მ არანაირად არ გამოხატა პოზიცია და არ ჰქონია ამ ფაქტზე რეაგირება. 

 

“სამხრეთ ოსეთის მხარისთვის საერთაშორისო დამკვირვებლების ასეთი პოზიცია გაუგებარია.”

 

“ქართული მხარე გამოთქვამს შეშფოთებას ივნისში დავით ბაშარულის დაკარგვის გამო. ვინაიდან ის ლენინგორის რაიონის მცხოვრებია, სამხრეთ ოსეთში სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონიძიებები,”- განაცხადა გაგლოითიმ.

 

ერგნეთში გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადება ოფიციალურმა თბილისმაც გააკეთა. შეხვედრაზე ქართულ მხარეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენდნენ.

 

“ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ მკაცრად გააპროტესტა გამყოფ ხაზზე, მათ შორის სოფელ ქერეში, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების გავლება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე დააყენეს წყალმომარაგებისა და საძოვრებზე წვდომის საკითხები. სოფელ სამებას წყალმომარაგების საკითხის განხილვისას ოსური მხარის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ თემაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და პრობლემა ახლო მომავალში მოგვარდება. მათ ასევე აღნიშნეს, რომ ახალგორის რაიონში საძოვრებზე წვდომის საკითხსაც შეისწავლიან. დღევანდელ შეხვედრაზე, ასევე, განხილული იყო გამყოფ ხაზზე დაკავებების, ცხინვალის იზოლატორში მყოფი და უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების საკითხი,”- წერია ოფიციალურ განცხადებაში.

 

სოფელ ერგნეთში მომდევნო შეხვედრა 30 ივლისს გაიმართება.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   



მასალების გადაბეჭდვის წესი