ახალი ამბები

საჭიროების შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ – სერგეენკო

21 დეკემბერი, 2018 • 1256
საჭიროების შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ – სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების რაოდენობა, როგორც მოსალოდნელი იყო, სეზონურად მომატებულია, თუმცა ეპიდემიის საფრთხე არ არის. სერგეენკო მოქალაქეებს მოუწოდებს, ვირუსის პირველი ნიშნებისთანავე – არა თვითმკურნალობას, არამედ ოჯახის ექიმს მიმართონ.

“გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების როგორც რაოდენობა, ისე თვისობრივი მიზეზები (რა ვირუსით არის გამოწვეული ესა თუ ის დაავადება) ჩვენ მიერ მკაფიოდ მონიტორინგდება.  როგორც წინა წლებში, დეკემრბის ბოლოსკენ ავადობის რაოდენობა არის გაზრდილი. შესაბამისად, გაიზარდა სასწრაფო დახმარებების, გამოძახებების რაოდენობა. ჩვენ გვაქვს გაწერილი სამი წლის წინ შექმნილი პროტოკოლი, რომლითაც მონიტორინგს ვაკეთებთ და საჭიროების შემთხვევაში პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს 24-საათიან რეჟიმში გადავიყვანთ და უზრუნველყოფას გავუკეთებთ ავტომობილებით ოჯახის ექიმებს. თუმცა მოსახლეობას მინდა მივმართო, რომ თუკი არის სიმპტომების სწრაფი დაწყება – მაღალი ტემერატურა, აუცილებელია არა თვითმკურნალობა, არამედ მიმართონ ექიმს”, – განაცხადა სერგეენკომ და დასძინა, რომ ეპიდემიის ან რაიმე ფატალური საფრთხეების რისკი არ არის.

გუშინ, 20 დეკემბერს, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრმა საგანგებო განცხადება გაავრცელა და მოქალაქეებს მოუწოდა, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე ოჯახის ექიმს მიმართონ.

“გრიპის სეზონის დადგომისთანავე, დედაქალაქში საგრძნობლად იმატა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების გამოძახებების რიცხვმა, რომლის დიდი ნაწილი სწორედ გრიპის ვირუსით დაავადებულ პაციენტებს ეკუთვნის. იმის მიუხედავად, რომ ცენტრის ექიმები თითოეულ ასეთ პაციენტს ემსახურებიან, გვინდა განვმარტოთ, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად დაავადებას ესაჭიროება ამბულატორიული მკურნალობა. შესაბამისად, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, ვირუსის პირველივე სიმპტომების აღმოჩენისთანავე, მიმართონ ოჯახის ექიმს, რათა არ გაურთულდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა და ვირუსის გართულების თავიდან ასაცილებლად, პირველივე დღეებიდან ჩაიტარონ შესაბამისი მკურნალობის ამბულატორიული კურსი”, – ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი