ახალი ამბები

“კანონიერი ქურდი” რაჟდენ შულაია აშშ–ში 45 წლით დააპატიმრეს

20 დეკემბერი, 2018 • 13887
“კანონიერი ქურდი” რაჟდენ შულაია აშშ–ში 45 წლით დააპატიმრეს

ე.წ. კანონიერ ქურდს, რაჟდენ შულაიას, აშშ–ში 45–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. შესაბამისი გადაწყვეტილება მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ 19 დეკემბერს მიიღო.

აშშ–ის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, განაჩენი ემყარება შულაიასთვის 2018 წლის ივნისში წაყენებულ ბრალს.

როგორც BBC-ს რუსული სამსახური წერს, ფედერალურმა მოსამართლემ აღნიშნა, რომ შულაიას შემთხვევაში არ იკვეთება, რომ “კანონიერი ქურდი” რაიმე სახით ნანობს დანაშაულს და არც მისი გამოსწორების მოლოდინი არსებობს. შესაბამისად, მოსამართლემ დაასკვნა, რომ ის “რაც შეიძლება, დიდი ხნით” უნდა იჯდეს ციხეში. აღნიშნულ ვადად მან 45 წელი განსაზღვრა.

ციხიდან გათავისუფლების შემდეგ რაჟდენ შულაიას დეპორტით გაგზავნიან რუსეთში, რომელიც მან 2010 წელს დატოვა.

ნიუ–იორკის სამხრეთის ოლქის პროკურატურამ შულაია დაასახელა “ნიუ–იორკში და აშშ–ის აღმოსავლეთ სანაპიროზე აღმოსავლეთ ევროპის კრიმინალის მთავარ ხელმძღვანელად”.

ბრალდების მხარე შულაიას არაერთ დანაშაულს ედავებოდა. მათ შორისაა ძალადობა, გამოძალვა, არალეგალური სათამაშო ბიზნესის წარმოება, ვინაობის გაყალბება, ფინანსური მაქინაციები და სხვა. პროკურატურა აცხადებდა, რომ “კანონიერმა ქურდმა” დანაშაული ჩაიდინა როგორც ქვეყნის შიგნით(ნიუ–ჯერსი, პენსილვანია, ფლორიდა, ნევადა), ისე საზღვარგარეთ.

BBC-ის ცნობით, განაჩენის გამოტანამდე შულაიას ადვოკატი ენტონი სეკუტი პეტერბურგში იმყოფებოდა, სადაც ბრალდებულის მასწავლებლებს, დედას, ქალიშვილსა და მეგობრებს გაესაუბრა, რის შემდეგაც მისი “რთული ბავშვობისა და ახალგაზორდობის” შესახებ სხვადასხვა ისტორია შეაგროვა. მათ შორის, ამბავი, თუ როგორ გაიტაცეს შულაია 12 წლის ასაკში, 28 წლისა კი იარაღიდან გასროლით დაჭრეს.

მას შემდეგ, რაც მოსამართლემ “კანონიერ ქურდს” ბოლო სიტყვა მისცა, ის ადგილიდან წამოიწია, თუმცა ადვოკატმა შეაჩერა და ურჩია, არაფერი ეთქვა. საბოლოოდ, შულაია მხოლოდ ამ სიტყვებით შემოიფარგლა:

“არ ვიცი, რა ვთქვა. გმადლობთ!”

შულაია აშშ–ში გასული წლის ივნისში დააკავეს 20–ზე მეტ ადამიანთან ერთად, რომელთაც კრიმინალური დაჯგუფების წევრობას ედავებოდნენ. მათ შორის იყო ქართველი სპორტსმენი ავთანდილ ხურციძე, რომელსაც 7 სექტემბერს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი