ახალი ამბებისამართალი

მთვრალმა კაცმა მეტროში ქალის ცემა სცადა – დაწყებულია გამოძიება

20 დეკემბერი, 2018 • 7276
მთვრალმა კაცმა მეტროში ქალის ცემა სცადა – დაწყებულია გამოძიება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისის მეტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში თაკო ნადირაძემ გაავრცელა, ჩანს, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი ახალგაზრდა ქალს ჯერ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს, ხოლო შემდეგ დასარტყმელად იწევს.

ვიდეოს ავტორის თქმით, მთვრალი კაცი იმ ახალგაზრდა ქალის ქმარმა დააკავა, რომელსაც მოძალადე შეურაცხყოფას აყენებდა.

რას წერს თვითმხილველი თაკო ნადირაძე - დააკლიკე

“დიდხანს ვიფიქრე, უნდა დამედო თუ არა ეს ვიდეო Facebook-ზე, მაგრამ არ შემეძლო თქვენთვის არ მომეთხრო, როგორ სამარცხვინო ფაქტს წავაწყდი ამ საღამოს მეტროში!…

წარმოიდგინეთ სიტუაცია: შენს მეუღლესთან ერთად მგზავრობ მეტროთი, ამ დროს შემოდის მთვრალი კაცი, რომელიც ხან იქეთ გადავარდება, ხან აქეთ და ისევ ამ ახალგაზრდების დამსახურებით გაიკვლევს ადგილს სკამამდე.

არ ვიცი რატომ, ალბათ არც მან იცის, ამოიჩემა მის წინ მჯდარი პირსინგიანი გოგო, რომელიც გადაწყვიტა, რომ ბიჭი იქნებოდა. როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ეს გოგონა ძალიან ზრდილობიანად და მხიარულად ესაუბრებოდა, ამის ამსახველი ვიდეოც მაქვს გადაღებული. რადგან ვიდეოს გადაღება დავიწყე მხიარული განზრახვით, მსურდა ჩემი მეგობრებისთვის მეჩვენებინა, რა მხიარული მგზავრობა მომიწია სახლამდე. მაგრამ მეც შევცდი და ვიდეომაც შეიცვალა მიზანი, სამწუხაროდ…

ვიდეოში ჩანს: პირსინგის გამო შეურაცხყოფილი ქალი, გამწარებული ქმარი და წერას აყვანილი მთვრალი კაცი, რომელმაც ყველას ჩაგვიშალა საღამო, თავის უგუნურობით…

არ ვიცი, ეს ვიდეო სამარცხვინო უფროა თუ სამწუხარო!..”

ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ჯერჯერობით ბრალდებული არ დაუკავებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი