ახალი ამბები

“ბევრი საკითხი უცნობია” – NGO-ები პრეზიდენტს ცეკოს თავმჯდომარის საკითხზე ხვდებიან

20 დეკემბერი, 2018 • 1271
“ბევრი საკითხი უცნობია” – NGO-ები პრეზიდენტს ცეკოს თავმჯდომარის საკითხზე ხვდებიან

ხვალ, 21 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცესკოს თავმჯდომარეობის სამი კანდიდატი უნდა წარადგინოს, თუმცა, კანონით, სავალდებულო კოსულტაცია, რომელიც ადმინისტრაციამ არასამთავრობოებთან უნდა გაიაროს, წარდგენამდე 1 დღით ადრე ტარდება. წარდგენის ვადის მიწურულს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია არასამთავრობოებს დღეს, 20 დეკემბერს, 18 საათზე შეხვდება.

ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და პარლამენტმა მისი შემცვლელი უნდა დაამტკიცოს, პარლამენტს კანდიდატურას კი პრეზიდენტი წარუდგენს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, დიმიტრი გაბუნიას თქმით, ერთი დღე აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ადმინისტრაციამ არასამთავრობო ორგანიაციებთან ერთად შესაბამისი კონსულტაციები გაიაროს. მისივე თქმით, არჩევნების ბოლო შედეგები წინა პარასკევს გამოქვეყნდა, რის შემდეგადაც ადმინისტრაციას არასამთავრობოებთან შესახვედრად 1 კვირა ჰქონდა. ის ასევე დასძენს, რომ არცერთი კანონი ზუსტად არ განსაზღვრავს შეხვედრის თარიღსა და ზუსტ დროს.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეხვედრაზე მიიწვია, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა. ნეტგაზეთთან საუბარში საიას თავმჯდომარე სულხან სალაძე დასძენს, რომ მისთვის რთული წარმოსადგენია ის ფორმატი, რა ფორმატშიც შეხვედრა კანდიდატების დასახელებამდე 1 დღით ადრე შეიძლება შედგეს.

“ცოტა ხნის წინ დამირეკეს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით. მითხრეს, რომ 18 საათზე იქნება ეს შეხვედრა და დაგვპატიჟეს. იმის გათვალისწინებით, რა დროც არის დარჩენილი, ბოლომდე ვერ მივხვდი, რა ფორმატით წარმოუდგენიათ ეს შეხვედრა. ეს იქნება ნამდვილი კონსულტაცია, თუ ეს იქნება შეხვედრა შეხვედრისთვის, ღია იქნება მედიისთვის, თუ დახურული. ბევრი საკითხია, რომელიც ჩემთვის უცნობია,” – ამბობს სულხან სალაძე.

რაც შეეხება საკითხის მეორე ნაწილს, კერძოდ კი, რამდენად მოესწრება კანდიდატებზე ჯეროვანი კონსულტაცია, სალაძე დასძენს, რომ აქაც გადამწყვეტი როლი შეხვედრის ჯერ უცნობ ფორმატს ექნება.

“აქ გასათვალისწინებელია რამდენიმე მოცემულობა. ერთი ის, რომ კანდიდატი ადმინისტრაციამ უნდა დაასახელოს აუცილებლად, მეორე ის, რომ გასაგებია, რომ ინაუგურაციის შემდეგ დრო ყველაფრისთვის საკმაოდ შეზღუდული იყო, მაგრამ რეალურად, არსებული დროის გათვალისწინებითაც კი, შეხვედრა ბოლო მომენტშია ჩანიშნული.

ამ სიტუაციაში რთულად წარმომიდგენია, ეს კონსულტაცია რამდენად შეიძლება შედგეს და იყოს არა უბრალოდ ის, რომ კანონში ჩაწერილი ასეთი შეხვედრა და ასეთი ნორმა შესრულდეს,” – ამბობს სალაძე.

მისივე თქმით, გარდა დღევანდელ შეხვედრაზე დაპატიჟებისა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აქამდე მათთან კონტაქტზე არ გამოსულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი