ახალი ამბები

რას ამბობენ სამინისტროსა და პარლამენტში ოქიტაშვილის მოთხოვნაზე

20 დეკემბერი, 2018 • 7046
რას ამბობენ სამინისტროსა და პარლამენტში ოქიტაშვილის მოთხოვნაზე

საბალეტო დასის ხელმძღვანელის შერჩევა სამინისტროსგან დამოუკიდებლად ხდება და მას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიშნავს. ასე ეხმაურებიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნას.

უწყებაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სამინისტრო სრულიად უჭერს მხარს თეატრების ავტონომიას, მათგან დამოუკიდებლად,დანიშნონ კადრები.

კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა ნინო ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნით აქციების დაწყება დღეს, 20 დეკემბერს დააანონსა. ოქიტაშვილი ირწმუნება, რომ ოპერაში კრიზისული ვითარება არის შექმნილი, ოპერა “ხელში ჩაგდებული აქვთ ანანიაშვილებსა და ვაშაძეებს” , ხოლო ბალეტის სფეროს ისეთ ცნობილ ადამიანებს, როგორებიც არიან ირმა ნიორაძე და სხვები, თეატრში “შესვლის” უფლება არ ეძლევათ.

“საბალეტო დასს ხელმძღვანელობს ადამიანის მეუღლე, რომელიც მოსახლეობას ხელისუფლების დამხობით ემუქრება და მთავრობას კრიმინალებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს ნარკობარიგას ეძახის. მივმართავ ანანიაშვილს, ან გაემიჯნოს და თქვას, რომ ის არ ეთანხმება თავისი მეუღლის განცხადებებს, ან გადადგეს. ვსვამ კითხვას, უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ორმაგი სტანდარტებით ცხოვრება, თუ მისი მეუღლე და ოჯახის წევრი მოუწოდებს საზოგადოებას, რომ უნდა დავამხოთო ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლებას რატომ ემსახურება?! წავიდეს, დაჯდეს სახლში… 2020 წელს არჩევნები იქნება, თუ ხალხმა ნაციონალურ მოძრაობას ხმა მისცა, ისევ დააბრუნონ,”-ამბობს ოქიტაშვილი.

ოპერის პრესსამსახურში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე და მთლიანად თეატრი 22 დეკემბრის პრემიერისთვის ემზადებიან. სამზადისიდან გამომდინარე, ოქიტაშვილის განცხადებაზე ადმინისტრაციაში კომენტარს ვერ გააკეთებენ.

“ქმრის პოლიტიკური შეხედულებების გამო ცოლს პასუხი რა ნაწილში უნდა მოეთხოვოს?! ქალბატონ ნინოს ქართული ბალეტისთვის რაც აქვს გაკეთებული, შეგიძლიათ მაყურებელსაც ჰკითხით და მასალებსაც მოგაწვდით. რაც ნინო ანანიაშვილი დასს სათავეში ჩაუდგა, რამდენი წარმატება, გასტროლი ჰქონდა. ამის შესახებ თქვენ შეგიძლიათ პირადად მოცეკვავეებს ჰკითხოთ. ქმრის პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის გამო… მე მგონი, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ცოლს პასუხი არ უნდა მოეთხოვებოდეს,”-უთხრეს ნეტგაზეთს თეატრის პრესსამსახურში.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის თქმით, ნინო ანანიაშვილი კულტურის გამორჩეული მოღვაწეა.

“ჩემი პოზიცია არის, რომ როგორც განათლება, ასევე კულტურა უნდა იყოს პოლიტიკისგან თავისუფალი. არ ვიცი, დათოს განცხადება რა საფუძვლებს უკავშირდება, მაგრამ თუ ეს უკავშირდება პოლიტიკურ პროცესებს, მე ვფიქრობ, მსგავსი განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს”, – ამბობს ჯაში.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრის, ნუკრი ქანთარიას თქმით, ანანიაშვილის გადადგომის მოთხოვნა ვაშაძის ცოლობის გამო სწორი არ არის.

“არ მგონია, რომ ახლა ნინო ანანიაშვილის განთავისუფლების საკითხი უნდა დადგეს, თუ არსებობს რაიმე გარკვეული… და იცის დათომ [ოქიტაშვილმა] ,ამაზე უნდა განაცხადოს. ხოლო თუ [გადადგომის მოთხოვნა] იმის გამო [დგება], რომ ის არის ვაშაძის მეუღლე, ეს, რა თქმა უნდა, არავითარ მიზეზად არ უნდა იქცეს. თეატრს ჰყავს თავისი სამხატვრო ხელმძღვანელი და ყველაზე უკეთ ალბათ ის გაგცემთ პასუხს. რამდენად ნაყოფიერია ორგანიზაციული თვალსაზრისით ნინო ანანიაშვილის მოღვაწეობა ამ რანგში. ორგანიზაციულს ვგულისხმობ, თორემ ის რომ დიდი ბალერინაა, ეს ყველამ ვიცით,”- აცხადებს ქანთარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი