ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ერევნის პასუხი მოსკოვს: ჩვენი ბიოლაბორატორიები მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა

20 დეკემბერი, 2018 • 1870
ერევნის პასუხი მოსკოვს: ჩვენი ბიოლაბორატორიები მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა

“ჩვენი ბიოლაბორატორიები მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა”, – ამის შესახებ ანა ნაგდალიანმა, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

სომხეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ბიოლაბორატორია სომხური მხარის მიერ კონტროლდება და მათში მხოლოდ სომეხი სპეციალისტები მუშაობენ.

გარდა ამისა, როგორც ნაგდალიანი ამბობს, სომხეთი არცერთ ქვეყანასთან არ აწარმოებს მოლაპარაკებებს მესამე ქვეყნის სამხედროების განთავსებაზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის კომენტარის შემდეგ, სომხეთში “ამერიკული სამხედრო ლაბორატორიების საქმიანობის” თემა ამჯერად რუსეთის ელჩმა სომხეთში სერგეი კოპირკინმა წამოწია.

“რუსულ და სომხურ მხარეებს შორის დიალოგი მიმდინარეობს სომხეთში არსებული ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის საკითხზე”, – ამის შესახებ პრესკონფერენციის დროს რუსეთის ელჩმა სომხეთში სერგეი კოპირკინმა რადიო თავისუფლების კითხვის პასუხად განაცხადა.

“ჩემი ინფორმაციით, სომხურ მხარესთან იმართება საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგი. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც ეტაპზე მივაღწევთ ურთიერთშეთანხმებას. როგორი ფორმით იქნება ეს შეთანხმება, ამ მომენტში თქმა გამიჭირდება, თუმცა რაღაც აკრძალვაზე საუბარი არ არის.

არსებობს დიალოგი და სწრაფვა, მიღწეული იყოს ურთიერთშეთანხმება. მათ შორის, ბიოლოგიურ ლაბორატორიებში უცხო ქვეყნის სამხედროების მსახურების გამჭვირვალობის საკითხში”.

სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც არ არის სამხედრო თემატიკასთან კავშირში, ერევანსა და სომხეთის რამდენიმე რეგიონში მდებარეობს.


საქართველოში მოქმედი ლუგარის კვლევითი ცენტრის წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია რუსეთის ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და სამთავრობო მედიის მიერ მიმდინარეობს. კამპანიას სოხუმსა და ცხინვალშიც შეურთდნენ. რუსი, აფხაზი და ოსი მაღალჩინოსნები პერიოდულად ავრცელებენ განცხადებებს ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობაზე.

აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში შექმნილი ლუგარის კვლევითი ცენტრის შესახებ გადაუმოწმებელი ინფორმაცია და შეთქმულების თეორიები რუსულ მედიაში მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან (2013) ვრცელდება.

პენტაგონში მიიჩნევენ, რომ მოსკოვი სინამდვილეში ცდილობს მისივე ბოლოდროინდელი ქმედებებისგან ყურადღების გადატანას.

“პენტაგონი არ ქმნის ბიოლოგიურ იარაღს ლუგარის ცენტრში. ეს რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიაა, რომელსაც დასავლეთის წინააღმდეგ აწარმოებს და არაერთ ფრონტზე რუსეთის ცუდი ქმედებებისგან ყურადღების გადატანას ცდილობს”, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ერიკ პაჰონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი