ახალი ამბები

არასერიოზული და სასაცილოა ამ მოძრაობის განცხადებები – გაბუნია “ქალთა მოძრაობაზე”

20 დეკემბერი, 2018 • 1749
არასერიოზული და სასაცილოა ამ მოძრაობის განცხადებები – გაბუნია “ქალთა მოძრაობაზე”

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნიას დანიშვნასთან დაკავშირებით ფემინისტური გაერთიანება “ქალთა მოძრაობა” 22 დეკემბერს აქციას გეგმავს. თავად დიმიტრი გაბუნია მათ განცხადებებს “არასერიოზულსა და სასაცილოს” უწოდებს.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ადვოკატი დიმიტრი გაბუნია თავის საპარლამენტო მდივნად 18 დეკემბერს დანიშნა. დანიშვნამდე ზურაბიშვილს ფემინისტურმა გაერთიანებამ “ქალთა მოძრაობამ” მიმართა და ამ კანდიდატურაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

“ხვალ და ზეგ ვართ ჩვენ დაზღვეული მსგავსი ტიპის შანტაჟისგან? აქ უცებ წარმოიშვება შეკითხვა, მაშინ ეფიქრა ზვიად დევდარიანს ….რას აკეთებდა რომ?! ისეთს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს. მიმოწერაზეა საუბარი, თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი კომუნიკაცია. სად გადის ზღვარი დანაშაულსა და კერძო, პრივატულ კომუნიკაციას შორის? ესაა დასადგენი და არა ის, ზვიად დევდარიანი გამართლდება თუ გამტყუნდება, ზოგადად” – დიმიტრი გაბუნია ამ ფრაზით გამოეხმაურა სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებული ზვიად დევდარიანის საქმეს. დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის ინტერესებს იცავდა.

სწორედ ეს განცხადება გახდა “ქალთა მოძრაობის” კრიტიკის მთავარი სამიზნე. დიმიტრი გაბუნია ირწმუნება, ეს განცხადებები ცრუ და კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

“ერთხელ და სამუდამოდ გეტყვით, არასერიოზული და სასაცილოა ამ მოძრაობის მიერ გაკეთებული განცხადებები. არაკვალიფიციური და არაკომპეტენტური. მათ ვურჩევდი, რომ გაიარონ იურიდიული კონსულტაციები და ცრუ ბრალდებებს მოეშვან. დასაშვები კრიტიკის ზღვარი სადაც იქნება გადაკვეთილი, ისინი მიიღებენ სამართლებრივ პასუხს.

აქვე დავაფიქსირებ, ის კონტექსტი, რომელიც იყო ტექსტიდან ამოჭრილი, ამოგლეჯილი კონტექსტი, რომელიც აქვს ქალთა მოძრაობას ხელზე დახვეული… გთხოვთ, დაინტერესდით ამ განცხადებითა და საკითხით, რომელიც არაერთხელ არის გაშუქებული. ეს კომენტარი არის მოჭრილი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი,” – ამბობს დიმიტრი გაბუნია.

მისი თქმით, საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე ხელს არ შეუშლის ისეთი კანონპროექტების დამტკიცებას, როგორიცაა სექსუალური შევიწროების შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტის მიხედვით, რომელზეც გენდერული საბჭო მუშაობს, სექსუალური შევიწროება საჯარო და სამუშაო ადგილებზე სანქციებს გამოიწვევს.

“აქვე უარვყოფ კიდევ ერთ არგუმენტს, რომ თითქოს მე, როგროც საპარლამენტო მდივანი, ხელს შევუშლი სექსუალური უმცირესობების კანონპროექტს. შევიწროება, უმცირესობა და ა.შ. ხო.. ტერმინი შემეშალა. შესაბამისად, მე მინდა დავამშვიდო ისინი და ვუთხრა, რომ როგორც  საპარლამენტო მდივანს, არანაირი კომპტენეცია არ გამაჩნია რაიმე ტიპის, ან რაიმე სახის გავლენა მოვახდინო. ეს არის თითიდან გამოწოვილი არგუმენტი. დაანებონ თავი ასეთ განცხადებების კეთებას,” – ამბობს გაბუნია.

მისივე თქმით, თავად ფემინისტები საპრეზიდენტო არჩევნების დროს სალომე ზურაბიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებსა თუ შეფასებებს აკეთებდნენ, რაც მისთვის ორმაგი სტანდარტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი