დიმიტრი ცქიტიშვილი ვინ არის, უკაცრავად? – გაბუნია დეპუტატის განცხადებაზე

“ქართული ოცნების” დეპუტატისა და გენდერული საბჭოს წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვით, გაბუნიას საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა, თავად დიმიტრი გაბუნია ეხმაურება. მისი თქმით, ცქიტიშვილის განცხადება პარლამენტარის კომპეტენციას სცდება.

“დიმიტრი ცქიტიშვილი ვინ არის, უკაცრავად? საბედნიეროდ, დიმიტრი ცქიტიშვილს გადასაწყვეტი არ არის პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის დანიშვნა, ეს მის კომპეტენციას სცდება და მე ვთხოვ მას, რომ თავის კომპეტენციის ფარგლებში გააკეთოს თავისი განცხადებები,” – ამბობს დიმიტრი გაბუნია.

დიმიტრი ცქიტიშვილმა გუშინ, 19 დეკემბერს განაცხადა, რომ პირადად მისი არჩევანის შემთხვევაში, ის დიმიტრი გაბუნიას  საპარლამენტო მდივნად არ დანიშნავდა.

“მე არ დავნიშნავდი. მისი განცხადება საკმაოდ ორაზროვანი იყო, მაგრამ არ ჩავუღრმავდები იმ თემას, დასანიშნი იყო თუ არა, ვინაიდან ეს არის მხოლოდ პრეზიდენტის პრეროგატივა. თვითონ გადაწყვეტს, ვინ იქნება ეფექტური და კვალიფიციური პარალმენტთან ურთიერთობაში. ამ შემთხვევაში ჩვენ არჩევანს არ ვაკეთებთ. მე ვფიქრობ, ჩვენგან გამოხატული დამოკიდებულება არ იქნება სწორი.

რაც შეეხება ჩემს განცხადებას, ვიტყვი იმას, რომ მე არ მომეწონა მისი განცხადება,” – პასუხობს ცქიტიშვილი ნეტგაზეთს.

განცხადება, რომლის შესახებაც დიმიტრი ცქიტიშვილი საუბრობს, გაბუნიას ერთ-ერთ კომენტარს ეხება, რამაც ფემინისტური ორგანიზაციების, მათ შორის, “ქალთა მოძრაობის” კრიტიკა გამოიწვია.

“ხვალ და ზეგ ვართ ჩვენ დაზღვეული მსგავსი ტიპის შანტაჟისგან? აქ უცებ წარმოიშვება შეკითხვა, მაშინ ეფიქრა ზვიად დევდარიანს ….რას აკეთებდა რომ?! ისეთს, რასაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს, მიმოწერაზეა საუბარი, თუ ავკრძალოთ ქვეყანაში პირადი კომუნიკაცია. სად გადის ზღვარი დანაშაულსა და კერძო, პრივატულ კომუნიკაციას შორის? ესაა დასადგენი და არა ის, ზვიად დევდარიანი გამართლდება თუ გამტყუნდება, ზოგადად” – დიმიტრი გაბუნია ამ ფრაზით გამოეხმაურა სექსუალურ შევიწროებაში ბრალდებულ ზვიად დევდარიანის საქმეს. დიმიტრი გაბუნია ზვიად დევდარიანის ინტერესებს იცავდა.

სწორედ ეს განცხადება გახდა “ქალთა მოძრაობის” კრიტიკის მთავარი სამიზნე. დიმიტრი გაბუნია ირწმუნება, ეს განცხადებები ცრუ და კონტექსტიდან ამოგლეჯილია.

“საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ გააკეთა კომპეტენტური განცხადება, გაეროს კონვენციის მეთვრამეტე მუხლზე დაყრდნობით, არ შეიძლება ადვოკატის გაიგივება მის კლიენტთან. აქ არის კლიენტთან გაიგივება,” – ამბობს გაბუნია და ირწმუნება, რომ განცხადება ამოგლეჯილი და ცრუა.

ვრცლად ამ თემაზე:

არასერიოზული და სასაცილოა ამ მოძრაობის განცხადებები – გაბუნია “ქალთა მოძრაობაზე”

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან