ახალი ამბები

“შპიგელის” ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი მასალების გაყალბებაში ამხილეს

20 დეკემბერი, 2018 • 3450
“შპიგელის” ჯილდოს მფლობელი ჟურნალისტი მასალების გაყალბებაში ამხილეს

“გარდიანის” თანახმად, გერმანული გამოცემა “შპიგელის” (Der Spiegel) საუკეთესოდ მიჩნეული რეპორტიორი ჟურნალისტური მასალების გაყალბებაში ამხილეს.

როგორც თავად “შპიგელი” აცხადებს, ჟურნალისტმა კლაას რელოციოსმა გამოცემაში გამოქვეყნებული 60 სტატიიდან, სულ ცოტა, 14-ისთვის თავად გამოიგონა ამბები და სტატიების გმირები.

33 წლის რელოციოსმა აღიარების შემდეგ რედაქცია დატოვა. გამოცემის თანახმად, იგი ამბობს, რომ ნანობს ამ საქციელს და ძალიან სცხვენია. “ავად ვარ და დახმარება მჭირდება”, – თქვა მან.

ჟურნალისტი “შპიგელისთვის” ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მუშაობდა და უამრავი ჯილდო აქვს მიღებული საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის. მის ჯილდოებს შორის არის 2014 წელს მიღებული CNN-ის წლის ჟურნალისტის ჯილდო, 2017 წელს – ევროპული პრესის ჯილდო  და ა.შ.

გარდიანის თანახმად, აღმოჩნდა, რომ იმ სტატიაში, რომელიც სირიელი ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს და  რომლისთვისაც ჟურნალისტმა ევროპული პრესის ჯილდო მიიღო, მითითებული წყაროები გამოგონილი იყო.

ჟურნალისტი თაღლითობაში თანამშრომელმა გამოიჭირა. “შპიგელის” რეპორტიორი ხუან მორენო აშშ-მექსიკის საზღვართან დაკავშირებულ ამბავზე რელოციოსთან ერთად მუშაობდა. მორენო, რომელიც აქამდეც ეჭვის თვალით უყურებდა თანამშრომელს, ამ ამბის გარკვეულმა დეტალებმა დააეჭვა.

გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ის ორი წყარო, რომელსაც რელოციოსი ხშირად ციტირებდა, არასოდეს შეხვედრია მას. სხვა გაყალებებული სტატიები შეეხებოდა იემენელ პატიმარს გუანტანამოს ციხეში, ამერიკელ საფეხბურთო ვარსკვლავ კოლინ კაპერნიკს და ა.შ.

როგორც “შპიგელმა” დაწერა, მორენოს — ჟურნალისტს, რომელმაც რელოციუსი გამოიჭირა, — თავიდან არავინ უჯერებდა და 3-4 კვირის განმავლობაში ეგონათ, რომ უბრალოდ კოლეგის წინააღმდეგ იყო განწყობილი.

“რელოციოსი მოხერხებულად იძვრენდა თავს ბრალდებებისგან, მორენოს მიერ კარგად მოკვლეული ფაქტებისგან მანამდე, სანამ მუშაობა ვეღარ შეძლო. იმდენად იყო შეშინებული დანაშაულში მხილებით, რომ ვეღარც კი იძინებდა”, – წერს რედაქცია, რომლის თანახმად, მთავარ რედაქტორთან შელაპარაკებისას მან საბოლოოდ აღიარა ისტორიების გაყალბება.

1947 წელს დაარსებული “შპიგელი” გაზეთის ნომრების დაახლოებით 725 000 ეგზემპლარს ყიდის ყოველთვიურად და დაახლოებით 6.5 მილიონი ადამიანი კითხულობს ონლაინ.

რედაქციამ განაცხადა, რომ “შოკირებული” იყვნენ თაღლითობის აღმოჩენით და ბოდიში მოუხადეს მკითხველს ისევე, როგორც “ნებისმიერ ადამიანს, რომელიც შესაძლოა ფიგურირებდეს” გამოგონილ ციტატებში, სცენებსა თუ ადგილებში და პირად დეტალებში.

რეპორტიორის მიერ დაწერილი ყველა მასალის გადასახედად “შპიგელმა” შიდა გამოძიება უკვე დაიწყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი