ახალი ამბები

შსს-მ ოპოზიციის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

19 დეკემბერი, 2018 • 1513
შსს-მ ოპოზიციის აქციის კიდევ ერთი მონაწილე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად კახეთში მომხდარ ინციდენტში მონაწილე კიდევ ერთი ადამიანი.

შსს-ს ცნობით, 58 წლის ქ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავეს.

შსს აცხადებს, რომ გამოძიებით თანახმად, მან სოფელ ველისციხესთან პოლიციის ავტომანქანა დააზიანა.

იგი დაკავებულიას ხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით, – სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

გურჯაანი-თელავის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით კირკიტაძეც დააკავეს. მას 19 დეკემბერს წაუყენეს ბრალი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროში ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო-საპროცესო მოქმედება, გრძელდება ინციდენტების ამსახველი ვიდეომასალის შესწავლა”, – წერს შსს.

ოპოზიციას ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად აქცია თელავში ჰქონდა დაანონსებული, თუმცა გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე, სოფელ ველისციხესთან, ყვარლის გადასახვევთან, პოლიციის მიერ გზის გადაკეტვამ ოპოზიციისა და მისი მხარდამჭერების პროტესტი გამოიწვია, რასაც მოჰყვა დაპირისპირებები პოლიციასთან.

შსს აცხადებდა, რომ ოპოზიციას შეეძლო შემოვლითი გზით წასულიყვნენ თელავში, ოპოზიცია კი გზის გახსნას ითხოვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი