ახალი ამბები

ვაშაძე მხარდამჭერებს კირკიტაძის მხარდასაჭერად გურჯაანში შეკრებისკენ მოუწოდებს

19 დეკემბერი, 2018 • 1529
ვაშაძე მხარდამჭერებს კირკიტაძის მხარდასაჭერად გურჯაანში შეკრებისკენ მოუწოდებს

ოპოზიციური ბლოკის, “ძალა ერთობაშია”, ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მხარდამჭერებს მოუწოდებს, 20 დეკემბერს, დილის 9 საათზე, გურჯაანის სასამართლოსთან შეიკრიბონ პარტიის წევრის, დავით კირკიტაძის მხარდასაჭერად.

ვაშაძემ “უკიდურესად მნიშვნელოვანი” უწოდა ამ შეკრებას; მისი თქმით, დავით კირტიკაძე უსამართლოდაა დაკავებული.

“გავაგონოთ ჩვენი ხმა ხელისუფლებას, რომ არ შევეგუებით ქვეყანაში კიდევ ერთი პოლიტიკური პატიმრის არსებობას და დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვას”, – წერს ვაშაძე.

“ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ივანიშვილის კრიმინალურ ხელისუფლებას და სათავეში მოვა ეროვნული, კოალიციური, მრავალპარტიული ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოიყვანს”, – დასძენს იგი.

სამართალდამცველებმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი 16 დეკემბერს გურჯაანი-თელავის გზაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დააკავეს.

ამ დღეს ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად თელავში საპროტესტო აქციას გეგმავდა, მაგრამ პოლიციამ მათ გზა ჩაუკეტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

კირკიტაძეს 19 დეკემბერს წარუდგინეს ბრალი. მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლა ედება ბრალად.

მასალების გადაბეჭდვის წესი