ახალი ამბებიკომენტარი

ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველას შეუძლია საფრანგეთში ჩავიდეს და დასაქმდეს – კონსტანტინიდი

20 დეკემბერი, 2018 • 3704
ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ყველას შეუძლია საფრანგეთში ჩავიდეს და დასაქმდეს – კონსტანტინიდი

საფრანგეთმა “საქართველოს მთავრობასა და საფრანგეთის მთავრობას შორის კვალიფიციური სპეციალისტების ბინადრობისა და ცირკულარული მიგრაციის შესახებ” ჯერ კიდევ 2013 წელს გაფორმებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმება, რომელიც სამუშაო ადგილის კვოტებს და ბინადრობის მოწმობის ვადებს არეგულირებს, ითვალისწინებს, ჯამში, 650 სამუშაო კვოტის (აქედან 150 – ახალგაზრდა სპეციალისტებისთვის 18-დან 35 წლის ჩათვლით) გამოყოფას როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის საფრანგეთში, ისე პირიქით – საფრანგეთის მოქალაქეების დასაქმებას საქართველოში. რა პროპორციით აითვისებენ მხარეები ამ კვოტებს, ჯერჯერობით უცნობია.

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მოქალაქე იმისთვის, რომ აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდეს? – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი “ნეტგაზეთთან” საუბარში განმარტავს, რომ მოქალაქეს, გარდა იმისა, რომ უნდა ჰქონდეს კონკრეტული ვაკანსიისთვის დადგენილი კვალიფიკაცია და ფრანგული ენის ცოდნის გარკვეული დონე, ასევე, ქვეყანაში ჩასვლამდე უნდა ჰქონდეს სამსახური ნაპოვნი და გააჩნდეს დამსაქმებლის შუამდგომლობა.

“ისე არ უნდა იქნას გაგებული, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, ჩავიდეს საფრანგეთში და დასაქმდეს. საჭიროა იმ კვალიფიკაციასთან შესაბამისობა, რომელიც ფრანგულ მხარეს სჭირდება და გამოაქვეყნებს ამ ცირკულარული მიგრაციის ფარგლებში. ამის გარდა, ყველა ქვეყანას აქვს დამატებითი ფილტრები, მათ შორის, გარკვეულ დონეზე ენის ფლობის ჩათვლით. ისე არ უნდა ჩაითვალოს, რომ ჯერ წავა ადამიანი და მერე რაღაც სამსახურს იპოვის ადგილზე. ჯერ ხდება დოკუმენტების მომზადება, დამსაქმებელთან კონტაქტზე გასვლა, მოწმდება, აკმაყოფილებს თუ არა ეს ადამიანი კონკრეტული ვაკანსიისთვის საჭირო კვალიფიკაციის დონეს, მერე ხდება დამსაქმებლის შუამდგომლობა, სავიზო უზრუნველყოფა და მხოლოდ ამის შემდეგ მიდის უკვე ადამიანი სამუშაოდ –  არა სამსახურის საძიებლად, არამედ სამუშაოდ”, – განაცხადა კონსტანტინიდმა.

თუმცა საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საფრანგეთში სწავლობენ ან იქ დაამთავრეს უნივერსიტეტი, კონსტანტინიდის თქმით, კიდევ უფრო მარტივად ისარგებლებენ კვოტირებით.

შეთანხმების ფარგლებში დასაქმების ვადები 6-დან 18 თვემდე არის განსაზღვრული.

“კვოტები გამოყოფილია სოციალური, სასოფლო-სამეურნეო, ხელოსნური, სამრეწველო, სავაჭრო და თავისუფალი საქმიანობის სფეროებში, თუმცა პროფესიების კონკრეტული ნუსხა ჯერ ზუსტდება. ოპტიმალური ვადები არის 6 თვიდან 1 წლამდე და შემდეგ 6 თვე კიდევ შეიძლება დასაქმებულს ხელშერკულება გაუგრძელდეს. ზოგადად, არის ვალდებულება, რომ ამის შემდეგ დაბრუნდნენ სამშობლოში, მაგრამ საბოლოოდ ეს დამოკიდებული იქნება დამსაქმებელზე. მაგალითად, თუ ადამიანი იშვიათ პროფესიას ფლობს და დამსაქმებელი დაინტერესებულია, რომ გააგრძელოს მასთან მუშაობა, შეუძლია გაუგრძელოს ხელშეკრულება, მოსთხოვოს რა მიგრაციის სამსახურს დამატებით სამუშაო ვიზის გაცემა”, – განაცხადა კონსტანტინიდმა.


საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, აქტიურად თანამშრომლობს ევროპელ პარტნიორებთან და სხვა სახელმწიფოებთან დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ვინაიდან ეს ხელს უწყობს ქვეყანაში უმუშევრობის შემცირებას, მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას და შემდგომ საქართველოში დაბრუნებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებებს, პრაქტიკულის გარდა, პოლიტიკური დატვირთვაც აქვს, რაც ევროკავშირთან მეტ ჰარმონიზაციას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) მხარდაჭერით, შრომითი მიგრაციის საპილოტე პროექტი მიმდინარეობს პოლონეთთან, სადაც უკვე დასაქმებულია 30-მდე საქართველოს მოქალაქე. პარალელურად, მიმდინარეობს მოლაპარაკებები პოლონურ მხარესთან აღნიშნულ სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით. ამასთან, 2018 წლის აგვისტოში, საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია შექმნის საქართველოსთვის სამუშაო კვოტებს, დასაქმების ლეგალური, სამართლებრივად გამართლებული გზების უზრუნველსაყოფად. ცირკულარული მიგრაციის შესახებ შეთანხმებების გაფორმების მიზნით საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს ისრაელთან, პორტუგალიასთან, საბერძნეთსა და ბულგარეთთან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია საზღვარგარეთ არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ვინაიდან ისინი საკონსულო აღრიცხვაზე არ დგებიან.

ევროკავშირის/შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედების შემდეგ არალეგალური მიგრაციის გამოწვევებზე მიუთითებს ევროკომისიის მეორე ანგარიში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში, რომელიც გუშინ, 19 დეკემბერს გამოქვეყნდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ შესვლაზე უარის თქმის 2017 წლის მაჩვენებლები 2016-თან შედარებით 200% -ით გაიზარდა (810-დან 2,655-მდე), ხოლო უკანონოდ დარჩენის მაჩვენებლების ზრდა უმნიშვნელო იყო – 2016 (5,240), 2017 (5,860). ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტოს მონაცემებით, 2017 წლის პირველ ნახევარსა და 2018 წლის პირველ ნახევარში ტენდენციები მიუთითებს შესვლაზე უარისა და უკანონო დარჩენის მნიშვნელოვნად ზრდაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი