ახალი ამბებისაზოგადოება

+10 ▶ რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვები სანტას მიუწვდომელი სურვილებით მიმართავენ

20 დეკემბერი, 2018 • 5480
+10 ▶ რა უნდა ვქნათ, თუ ბავშვები სანტას მიუწვდომელი სურვილებით მიმართავენ

პლანშეტი მინდა! აიფონი მინდა! და ა.შ. – მშობლების ნაწილს ეს მოთხოვნები შვილებისგან შესაძლოა უკვე მოსმენილი გქონდეთ. ახალი წლისთვის ძვირადღირებული ტექნიკის ან უფრო მიუწვდომელი სურვილებით ბავშვები ახლა უკვე სანტა კლაუსს/თოვლის პაპასაც მიმართავენ თხოვნით.

რა უნდა ვუთხრათ ბავშვებს, თუ სანტა კლაუსს/თოვლის პაპას მათთვის ძვირადღირებული სათამაშოების ყიდვა ან სხვა სურვილების ახდენა არ შეუძლია ახალი წლის ღამეს? – ამის შესახებ ნეტგაზეთის მეგობრებსა და მკითხველებს ვთხოვეთ საკუთარი გამოცდილების გაზიარება.

სალო:

ეს ძალიან რთული საკითხია. ძნელია, როცა ბავშვი უკვე ასაკის გამო ითხოვს მსგავს ნივთებს. ან უნდა უყიდო, ან არადა, შენს ტელეფონს “მოინელებს”. ჩემი ბიჭი 2 წლის ხდება და იმდენად დამოკიდებულია მულტფილმებზე, ვცდილობ, სხვა სათამაშოებით გადავატანინო ყურადღება.”

ჯონი:

ჩვენს შემთხვევაში კარგ მეთოდს მივაგენით მე და ჩემმა ცოლმა – როდესაც რაიმე უნდა ბავშვს, რის ყიდვასაც არ/ვერ ვახერხებ, იმ მიმართულებით ვცდილობთ გადავატანინოთ ბავშვს ყურადღება, რაც ჩვენ ხელს გვაძლევს. მაგალითად, თუ მოუნდება ძვირადღირებული ნივთი, ვანახებთ მულტფილმს, ან წავიყვანთ სკვერში, სადაც ბავშვები თამაშობენ ბურთს, არის მხიარული გარემო და აშ. ამის მერე ბავშვს უნდება ბურთი და არა, მაგალითად, მოტანილი პლანშეტი.”

ნათია:

მე დავამშვიდე და ვუთხარი, რომ პლანშეტი ფუფუნების საგანია, ძვირადღირებული, თოვლის ბაბუას კი კიდევ ბევრი ბავშვისთვის აქვს საჩუქარი მისატანი და თანხაც არ აქვს ბევრი. თოვლის ბაბუმ ყველას ერთნაირად უნდა უყიდოს საჩუქრები, ამიტომ მხოლოდ სათამაშოები მიაქვს.”

ქეთი:

მე ჰავერბორდი მომთხოვა რეზიმ წელს და სრული სერიოზულობით ავუხსენი, რომ თოვლის ბაბუას სხვა 32587024753485734 ბავშვისთვის აქვს საჩუქარი საყიდელი და იმდენი ფული არ აქვს, ასეთი საჩუქრები რომ იყიდოს ყველასთვის. მიპასუხა, თოვლის ბაბუას საჩუქრებს უფასოდ აძლევენ ყველა მაღაზიაში, რა გჭირსო… ჯერჯერობით არ მიყიდია და არ ვიცი, რა ვქნა. ისევ ვეცდები თოვლის ბაბუის ფინანსურ კრიზისზე საუბარს.”

მაია:

აი, ახლა მქონდა ეგ შემთხვევა. მთლად პლანშეტი არ მოუთხოვია, მაგრამ საქანელა, სასრიალო და ბატუტი მოითხოვა, თოლოს ბაბუმ მოიტანოსო. ვუთხარით, რომ ეგენი ბუხარში არ გამოეტევა და ამით გადავრჩით. სახლში ბუხარი გვაქვს და ასე იცის, რომ თოვლოს ბაბუა იქიდან უნდა ჩამოძვრეს. ჯერ ძალიან ადრეა ამისთვის სმარტფონი და რომ მოითხოვოს, ალბათ, ვეტყვით, რომ ძვირია და მაგას ვერ იყიდის სანტა კლაუსი, რადგან ბევრი ბავშვი უნდა დაასაჩუქროს და ძალიან ბევრი ფული არ აქვს. იმ ასაკს რომ მიაღწევს, როცა დასჭირდება, მგონი, თოვლის ბაბუას მითიც გაქრება. ძალიან კი ვდარდობ, ვატყუებთ და არსებობს მითიური კაცი ახალ წელს, მაგრამ თვითონ კმაყოფილია ჯერჯერობით ამ მითით.”

რუსუდანი:

საახალწლო საჩუქართან ერთად ყოველთვის ვწერთ წერილს, სადაც სანტა კლაუსი იმ საჩუქრებზე უყვება, რომლებიც შეურჩია. აუცილებლად უნდა ახსენოს სანტამ მიღებული წერილი, რომ ბავშვს არ გაუჩნდეს განცდა, ტყუილად მივწერეო. წინასწარ ვაგუებთ, რომ სანტამ ბევრ ბავშვს უნდა ასიამოვნოს და შეიძლება მიწერილი სიიდან ყველაფერი ვერ მოიტანოს, თუმცა აქედანაც შეარჩევს და თვითონაც მოიფიქრებს.”

გიორგი:

ზოგადად, როცა რაღაც ისეთი უნდათ, რაც მათ ასაკს სცილდება, ვეუბნები, წავალთ ბებია-ბაბუა-მამიდასთან სტუმრად და იქ გავერთობით. ვერიდები იმის თქმას, რომ “ეს არ გეკუთვნის”, “ცუდად მოიქეცი და იმიტომ” ან “ფული არ გვაქვს” და ასე შემდეგ. ვუხსნი, რომ გართობა სხვანაირად შეიძლება და როცა კარგად გაიგებს, მერე ვყიდულობ შესაბამის საჩუქარს.”

ნათია:

ვეუბნები, ძვირი ღირს და სხვა ბავშვებისთვის საჩუქრის ფული აღარ დარჩება. Santa is on budget! ნუ შემდეგ თვითონ მთავაზობს ვერსიებს, რაზე ეყოფა სანტას ფული…”

თინა:

მარტივად – შეაცოდებ სანტას… ამდენი ბავშვი სთხოვს რაღაცებს და ცოდოა… თან საჩუქრის შეკვეთა სირცხვილია – რასაც გაჩუქებს, უნდა გაგიხარდეს, რომ გაახსენდი და დააფასა შენი კარგი გოგო-ბიჭობა. შეცოდება 4 წლიდან დასაშვებია, სინდისზე აგდება – 8 წლიდან, და სმარტფონებს იქამდე არც სთხოვენ ხოლმე.”

მარიამი:

როგორც წესი, ვცდილობ, არჩევანი გავაკეთებინო ჩემთვის სასურველ 2 ან 3 ნივთს შორის. ანუ, თუ ვიცი, რომ მაქსიმუმ 100-ლარიანი საჩუქარი შემიძლია ვიყიდო, ვეუბნები, თოვლის ბაბუამ ამ წელს თქვა, ამ 3 სათამაშოდან აარჩიოს, რომელი უნდაო და ჭრის ხოლმე. თუმცა მერე, თოვლის ბაბუის გარდა, ამ საჩუქარს ჩუქნიან ბებო-ბაბუ, ნათლია და ჩემი დაქალები. ამიტომ სულ იცის, რომ ახალ წელს ბევრი საჩუქარი ექნება და განსაკუთრებულად პრეტენზიული არაა ხოლმე… მაგრამ თუ ძალიან უნდა რაღაც და ამაზე ლაპარაკობს დიდხანს, უარს ვერ ვეუბნები და ვნებდები. წელს, მაგალითად, 140-ლარიან თოჯინას მიიღებს.”

ანა:

ჩემმა შვილმა შარშან სანტას ლეპტოპი სთხოვა და სათამაშო ლეპტოპი შევურჩიეთ, მინიმალური ფუნქციებით. მთავარია, რომ კლავიშები, ეკრანი და მუსიკა ჰქონდა. ამით ძალიან ბედნიერი იყო. წელს ძვირადღირებული არაფერი მოუთხოვია – სამზარეულოს ნაკრები, მაკიაჟის ნაკრები, თოჯინა და ასეთი რამეები. 5 წლისაა. წელს, მე მგონი, ბაღში გამოუტენეს თავი სისულელეებით და იმიტომ ითხოვს ე.წ. გოგოების ნივთებს. მეუბნება, რომ გოგოები და ბიჭები ცალ-ცალკე კუთხეებში თამაშობენ; რომ მანქანები ბიჭებს უყვართ, თოჯინები – გოგოებს. ვარდისფერი გოგოს ფერიაო და ცისფერი- ბიჭის ფერიო. დინოზავრების წიგნი ვუყიდე იმ დღეს და ტირილი დაიწყო, დინოზავრები ბიჭებს უყვართ, მე რაში მჭირდებაო… საჯარო ბაღების სტერეოტიპულ მიდგომებზე ოდესმე სტატიის გაკეთებას თუ გადაწყვეტ, ბევრ მასალას მოაგროვებ, სამწუხაროდ.”

ნათია:

როდესაც ძვირადღირებულ საჩუქრებს ითხოვს, ვეუბნები, რომ ისეთი რამ შეარჩიოს, თოვლის ბაბუამ შეძლოს ყიდვა. ის ხომ უამრავ ბავშვთან უნდა მივიდეს?! და ა.შ. ამ მხრივ ჭკვიანი ბავშვები მყავს და გაგებით ეკიდებიან.”

სალომე:

ჩემს შვილს ჯერ არ უთხოვია ასე. ველოსიპედი უნდა ახლა, რომ მოუტანოს თოვლის პაპამ, მაგრამ ზამთარია  და რა აზრი აქვს. დავპირდი, რომ გაზაფხულზე მე ვუყიდი. თან, ხურჯინში არ ჩაეტევა ველოსიპედი…”

მარიამი:

რადგანაც უკვე დიდები არიან ტყუპები და თან ეჭვობენ, რომ შეიძლება ჩვენ ვყიდულობდეთ საჩუქრებს და არა სანტა, ითვალისწინებენ ამას და მოკრძალებულ საჩუქრებს ითხოვენ. ჭკვიანი ბავშვები არიან და სიმართლე რომ გითხრათ, არც ერთ წელს არ შემქმნია მაგაზე პრობლემა; ისეთი საჩუქარი არ მოუთხოვიათ, რასაც ვერ გავწვდებოდი ფინანსურად. წელსაც, მაგალითად, გუგა წერდა ველოსიპედს და ერთმანეთს გადაულაპარაკეს, სანტას იმდენი ბავშვისთვის მიაქვს საჩუქარი, შეიძლება ვერ მომიტანოსო და რაც უნდა ის მაჩუქოსო. თეკლამ შარშან ზუსტად 30 ლარის საჩუქარი მოითხოვა; ფერადი ქაღალდებით ხელით აკეთებს ხოლმე რაღაცეებს და ჩამოწერა, ფერადი წებოვანი ბრჭყვიალა ქაღალდები უნდოდა… დაიანგარიშა და მიაწერა სულ დაგიჯდება 30 ლარიო. ქეთათოც უპრეტენზიოა – შარშან ბარბის სახლი უნდოდა. დიშვილი მყავს ცოტა მავნე და მომთხოვნი, მაგრამ შარან პულტიანი მანქანა უნდოდა დიდი და შოკოლადები. წლევანდელი წერიელები ჯერ არ წამიკითხავს. დედას კითხეს, ბოლო-ბოლო ვითხარი, თოვლის პაპა “რსებობს თუ არსებობსო…” ანუ, არ არსებობსო, მაგას არ კითხულობენ.


მოგვწერეთ ფეისბუკზე და გაუზიარეთ სხვა მშობლებს თქვენი გამოცდილება ამ თემაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი