ახალი ამბები

Spotify, Yandex და სხვები, რომლებსაც ფეისბუკი მომხმარებლის მონაცემებზე წვდომას ანიჭებდა

19 დეკემბერი, 2018 • 3046
Spotify, Yandex და სხვები, რომლებსაც ფეისბუკი მომხმარებლის მონაცემებზე წვდომას ანიჭებდა

ფეისბუკი პარტნიორ კომპანიებს მომხმარებლების პერსონალურ ინფორმაციაზე პრივილეგირებულ წვდომას ანიჭებს. ამის შესახებ New York Times-ის საგამოძიებო სტატიაში წერია.

როგორც გამოცემა წერს, ფეისბუკი Microsoft-ის საძიებო სისტემას, Bing-ს წვდომას აძლევდა სოციალური ქსელის ყველა მომხმარებლისა და მათი მეგობრების სახელებზე. Netflix-ს, Spotify-ისა და კანადის ბანკს კი მომხმარებლების პირადი მიმოწერის წაკითხვა შეეძლოთ.

როგორც გამოცემა წერს, კომპანიას არასოდეს გაუყიდია მომხმარებელთა ინფორმაცია, თუმცა კომპანიებს, ფეისბუკის ნებართვით, შესაძლებლობა ჰქონდათ, სოციალურ ქსელებში არსებული ინფორმაცია მათი ინტერესების შესაბამისად გამოეყენებინათ

გამოძიების ფარგლებში ჟურნალისტებმა ფეისბუკის 60-მდე ყოფილი თანამშრომელი ჩაწერეს, ასევე მოიპოვეს დოკუმენტაცია, რომელიც, მათი განცხადებით, აღნიშნულს ადასტურებს.

როგორც New York Times წერს, Spotify, რომელსაც ერთი თვის განმავლობაში შეეძლო 70 მილიონზე მეტი მომხმარებლის პირადი მიმოწერის ნახვა, კიდევ სთავაზობს მომხმარებლებს მუსიკის ფეისბუკ მესენჯერში გაზიარების ფუნქციას. Netflix-სა და კანადის ბანკს კი შეტყობინებებზე წვდომა აღარ სჭირდებოდათ, რადგან გათიშეს ფუნქციები, რომლისთვისაც მას იყენებდნენ.

კიდევ ერთი კომპანია, რომელიც ფეისბუკზე პრივილეგიებით სარგებლობდა, რუსული საძიებო სისტემა Yandex-ია.

გამოცემა წერს, რომ მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას 2017 წელს ფეისბუკ მომხმარებლების უნიკალურ ID-ზე ჰქონდათ წვდომა, რომელიც სხვა აპლიკაციებისთვის დახურული იყო. იმ კომპანიის სპიკერმა, რომელიც უკრაინის სპეცსამსახურებმა კრემლისთვის ინფორმაციის გადაცემაში დაადანაშაულეს, გამოცემას უთხრა, რომ მისთვის უცნობია, რატომ გააგრძელა ფეისბუკმა მათთვის ამ ინფორმაციის მიწოდება. იანდექსმა კი აბსურდული უწოდა უკრაინული მხარის ბრალდებებს.

მიმდინარე წლის ოქტომბერში ფეისბუკმა განაცხადა, რომ Yandex მათი პარტნიორი კომპანია არ იყო, თუმცა დეკემბერში კონგრესის წინაშე ფეისბუკის წარმომადგენლებმა  ეს ინფორმაცია დაადასტურეს.

სრულად The New York Times-ის საგამოძიებო სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი