ახალი ამბებისამართალი

ზუგდიდში იეჰოვას მოწმეს სცემეს, ბრალდებული დაკავებულია

19 დეკემბერი, 2018 • 2197
ზუგდიდში იეჰოვას მოწმეს სცემეს, ბრალდებული დაკავებულია

პროკურატურის ინფორმაციით, ზუგდიდში იეჰოვას მოწმეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული დააკავეს, რომელსაც 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

საქართველოს პროკურატურამ ძალადობით ჩადენილი რელიგიური ნიშნით დევნისთვის გ.მ-ს ბრალდება დღეს, 19 დეკემბერს, ოფიციალურად წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაცხვში გ.მ-სთან რ.კ. მის თანამოაზრე – გ.ფ-სთან ერთად რელიგიური მოძღვრების და ლიტერატურის გავრცელების მიზნით მივიდა.

გამოძიების ინფორმაციით, რელიგიურ თემაზე საუბრისას, გ.მ-ს კითხვაზე, თუ საიდან იყვნენ ისინი, მათ უპასუხეს, რომ წარმოადგენდნენ იეჰოვას მოწმეებს, რამაც გ.მ-ს გაღიზიანება გამოიწვია და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც რ.კ-ს სახის არეში ხელი დაარტყა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გრძელდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი