ახალი ამბებისამართალი

კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს – გურჯაანის სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

19 დეკემბერი, 2018 • 1807
კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს – გურჯაანის სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს

პროკურატურის წარმომადგენლებმა გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, დავით კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.

დავით კირკიტაძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლა ედება ბრალად. ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ბრალს არ აღიარებს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობობს.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან, სადაც კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე მსჯელობენ, ბრალდებულის თანამებრძოლების და მხარდამჭერების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ოპოზიციის ლიდერების თქმით, მათი მართვის ცენტრი დღეიდან სწორედ გურჯაანში გადადის. გურჯაანის გარდა, ისინი აქციებს საქართველოს სხვა ქალაქებშიც გეგმავენ. მათი განცხადებით, ველისციხის ინციდენტის გამო პასუხისგებაში ყველა კანონდამრღვევი მაღალჩინოსანი უნდა მიეცეს და კირკიტაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვენ. მათი თქმით, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ხელისუფლების ახალი პოლიტპატიმარია.

დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, საქმეში დიდი კითხვის ნიშნები არსებობს მუხლის კვალიფიკაციის სისწორესთან დაკავშირებით. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიების საკითხს, როგორც ადვოკატმა რუსთავი 2-ს განუცხადა, ეს გადაწყდება მას შემდეგ, რაც პროკურატურა შუამდგომლობით მიმართავს გურჯაანის სასამართლოს. კონდახიშვილის განცხადებით, აქვთ მოლოდინი, რომ არ იქნება გამოყენებული ყველაზე მძიმე ფორმა – პატიმრობა.

გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, გავრცელებული კადრებიდან მხოლოდ ის ჩანს, რომ კირკიტაძე ავტობუსში შეღწევას ცდილობს, რომელიც, ადვოკატის შეფასებით, უკანონოდ ხერგავდა გზას. კონდახიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილი იყო გზის გახსნა, რათა მომიტინგეებს გაეგრძელებინათ თლავისკენ გადაადგილება, სადაც სანქცირებული აქცია უნდა გაემართათ.

ადვოკატის განცხადებით, დავით კირტიკტაძეს სამართალდამცველებისთვის თავდასხმის ან მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების მიზანი არ ჰქონდა. მისივე თქმით, არც ავტობუსს ჰქონია ნიშანი, რომ ის პოლიციის იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი