ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

უკრაინის ახალი ეკლესიის წინამძღოლს შობის აღნიშვნა 25 დეკემბერს სურს

19 დეკემბერი, 2018 • 12778
უკრაინის ახალი ეკლესიის წინამძღოლს შობის აღნიშვნა 25 დეკემბერს სურს

უკრაინის ახალი, დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი ეპიფანე დუმენკო აპირებს განუმარტოს და დაუმტკიცოს უკრაინელ ხალხს, თუ რატომ უნდა აღინიშნოს ქრისტეშობის დღესასწაული 25 დეკემბერს.

ეპიფანემ არ გამორიცხა, რომ ახალი საეკლესიო  სტრუქტურა თანდათანობით გადავა ახალ კალენდარულ სტილზე. ამის შესახებ მან 16 დეკემბერს განაცხადა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი აცხადებს, მისი პირველი ნაბიჯები მიმართული იქნება გაერთიანებისკენ და არა განცალკევებისკენ.

“თუკი 7 იანვრიდან 25 დეკემბერს გადავიტანთ შობის აღნიშნვას, უკრაინელი ხალხი ამას ვერ მიიღებს. საჭიროა განვუმარტოთ, დავუმტკიცოთ. როდესაც ადამიანები გაიგებენ, რომ ეს არ არის დოგმა, ეს უბრალოდ თარიღია, მაშინ შესაძლოა ამის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება”.

2017 წელს უკრაინის უმაღლესმა რადამ 25 დეკემბერი არასამუშაო დღედ გამოაცხადა.


მედიის ცნობით, 6 იანვარს სწორედ ეპიფანე უნდა გაემგზავროს სტამბოლში, სადაც კონსტანტინოპოლის მსოფლიო პატრიარქი მას ავტოკეფალიის თომოსს გადასცემს. ეს იქნება უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების დამაგვირგვინებელი პროცედურა.


ამ დრომდე, უკრაინაში სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ეკლესია მოქმედებდა:

  • კიევის საპატრიარქო, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი განაგებს და მოსკოვის „ხელისუფლებას“ არ ცნობს.
  • კიდევ ერთი, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია მოსკოვს ექვემდებარება და რუსეთისადმი ლოიალობით გამოირჩევა.
  • მესამე კი უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიაა: ის 1921 წელს მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად დაფუძნდა, რიგი პრობლემების შემდეგ კი, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისას აღდგა.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქომ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა უკვე დაიწყო. ამის შესახებ განცხადება საპატრიარქომ 11 ოქტომბერს გაავრცელა.

განცხადების თანახმად, კიევის პატრიარქი ფილარეტი კანონიკურ სტატუსს იბრუნებს. ასევე უქმდება 1686 წელს “გარემოებებიდან გამომდინარე” მიღებული გადაწყვეტილება, რომლითაც მოსკოვის საპატრიარქოს ნება დართეს, კიევის სამიტროპოლიო საკუთარ დაქვემდებარებაში მოექცია.

შემდგომ, 4 ნოემბერს, უკრაინასა და კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შორის თანამშრომლობის შეთანხმებაც გაფორმდა.

შესაძლებლობა, რომ კონსტანტინოპოლი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას მიანიჭებდა, ცხადი ჯერ კიდევ სექტემბერში გახდა. 23 სექტემბერს, სტამბოლში გამართული ლიტურგიის დასრულების შემდეგ, მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ თქვა, რომ როგორც უკრაინის უფლებაა, მიიღოს ავტოკეფალია, ისე კონსტანტინოპოლს აქვს უფლება, მიანიჭოს ის ახალ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

აღნიშნულს უპირისპირდება რუსეთი: მოსკოვის ეკლესიამ ჯერ პატრიარქ ბართლომეს ლოცვებში მოხსენიება შეწყვიტა, 15 ოქტომბერს კი მსოფლიო საპატრიარქოსთან ყველა სახის კავშირს დაუსვა წერტილი. მოსკოვში მიიჩნევენ, რომ უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერით მსოფლიო საპატრიარქო მოსკოვის კანონიკურ საზღვრებს არღვევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი