ახალი ამბები

შსს ქვიარ ბარში მომხდარ ინციდენტს დაცვის თანამშრომელზე ძალადობის მუხლით იძიებს

19 დეკემბერი, 2018 • 1394
შსს ქვიარ ბარში მომხდარ ინციდენტს დაცვის თანამშრომელზე ძალადობის მუხლით იძიებს

ლგბტ აქტივისტის განცხადებით, გუშინ ღამით Success Bar-ს თავს დაესხნენ ჰომოფობიური მოტივით.

მისი თქმით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა და თავდასხმის შედეგად დაზარალდნენ ბარის მენეჯერი და ბარმენი:

“01:30 საათზე დაესხნენ ქვიარ სივრცეს, Success Bar-ს, ჰომოფობიური მოტივით, დაზარალებულია ბარის მენეჯერი და ბარმენი. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა!  პოლიციამ არ დააკავა მოძალადე და მისცა გაქცევის საშუალება”, – ამბობს აქტივისტი.

როგორც ბარის მენეჯერი, დათი ჯალიაშვილი “ნეტგაზეთს” უყვება, გუშინ ღამით ბარში შესვლას 50 წლამდე ასაკის არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კაცი ცდილობდა.

ჯალიაშვილის თქმით, ვინაიდან Success Bar საქართველოში ერთადერთი გეი ბარია, მკაცრი ფეისკონტროლი აქვთ და მათთვის საეჭვო პირებს დაწესებულებაში არ უშვებენ. მენეჯერის თქმით, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა კაცი ბარში შესვლას მაინც ცდილობდა:

“ეს კაცი მაინც იწევდა შემოსასვლელად. ბოლოს ჩემმა დაცვის თანამშრომელმა უთხრა მას, რომ ეს გეი ბარია და მისი ადგილი აქ არ არის. რომ გაიგო გეი ბარი, იმ მომენტში ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენი დაცვის თანამშრომელს და ბარში მყოფ ხალხს.

ამ დროს მივედი მეც და ვკითხე, რატომ იქცეოდა ასე, წიხლს უტყამდა კარს. სტუმრები შიგნიდან აწვებოდნენ კარს, ეს კაცი რომ არ შესულიყო ბარში და იცავდნენ დაცვის თანამშრომელს, რომელიც ნაცემი იყო. რომ მივედი, მეც მომაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დამარტყა. ამის შემდეგ გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, რომელიც მოვიდა დაახლოებით 10-15 წუთში ამ მოვლენებიდან, შუა რუსთაველზე ხდება ეს ყველაფერი”, – ამბობს ჯალიაშვილი.

მისი თქმით, თავდამსხმელი გაქცევას შეეცადა, რის საშუალებასაც მას ჯალიაშვილი არ აძლევდა და პატრულის ეკიპაჟს, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, პირის დაკავებას სთხოვდა, თუმცა ეკიპაჟს ამაზე რეაგირება არ მოუხდენია.

Success Bar-ის მენეჯერის თქმით, ის და მისი დაცვის თანამშრომელი ამ დროისთვის ექსპრეტიზას გადიან, შსს-ს მიაწოდეს ინციდენტის ამსახველი კადრებიც.

“ნეტგაზეთი” ამ საკითხზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება სსსკ-ის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფიზიკური შეურაცხყოფა ბარის დაცვის თანამშრომელს მიაყენეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი