ახალი ამბები

მერია ჯიხურებს ადგილის შეცვლისთვის დამატებით ვადას აძლევს

19 დეკემბერი, 2018 • 1284
მერია ჯიხურებს ადგილის შეცვლისთვის დამატებით ვადას აძლევს

თბილისის მერია ჯიხურებს, რომლებიც ქალაქგეგმარების მიხედვით, არასწორ ადგილებზეა განთავსებული, ადგილის შეცვლითვის დამატებით ვადას 3-6 თვემდე აძლევს. კახა კალაძის თქმით, ამ პერიოდში, იჯარის პირობების დასრულების მიუხედავად, ჯიხურები ეკონომიკურ საქმიანობას გააგრძელებენ, ხოლო “სწორ” ადგილას განთავსების შემდეგ მათ ექნებათ შესაძლებლობა, აუქციონში თავიდან მიიღონ მონაწილეობა.

კახა კალაძის თქმით, 6 წლის წინ თბილისის მთავრობამ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ქალაქში დაახლოებით 2000 ჯიხური განათავსა. თბილისის მერის მტკიცებით, ეს ჯიხურები გარკვეულ პრობლემებს ქმნის, მათ შორის გადაადგილების მიმართულებით, რადგან ზოგოერთი მათგანი ტროტუარზეა განთავსებული.

მერიის ინფორმაციით, საუბარია პრესის, ასევე იმ ჯიხურებზე, სადაც საკვები პროდუქტი ან სიგარეტი იყიდება.

“ჯიხურების უმრავლესობას სულ ახლახან ხელშეკრულების იჯარის ვადა გაუვიდა. შესაბამისად, იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ეს 2 500 ჯიხური დაახლოებით ამდენივე და შეიძლება უფრო მეტ ადამიანს ინახავს. შესაძლოა ეს მათთვის ერთადერთი საარსებო წყარო იყოს. აქედან გამომდინარე, ძალიან რთულია გადაწყვეტილების მიღება, თუმცა გარკვეულ მიდგომებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ. თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი. ყველა ის ჯიხური, რომელიც თავისი მდებარეობიდან გამომდინარე პრობლემური არ არის, დარჩება თავის ადგილზე. ჩვენ თავიდან გამოვაცხადებთ აუქციონს, რითაც მათ შესაძლებლობას მივცემთ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა,”-ამბობს კალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი