ახალი ამბები

არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ოპოზიციაში აღმოვჩნდე — კახი კალაძე

18 დეკემბერი, 2018 • 4254
არ გამოვრიცხავ, რომ ერთ დღეს ოპოზიციაში აღმოვჩნდე — კახი კალაძე

თბილისის მერმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, “ერთ მშვენიერ დღეს” ისევ ოპოზიციაში აღმოჩნდეს, ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხად კი თქვა, რომ “ქართული ოცნების” ოპოზიციაში ყოფნა არ უგულისხმია.

TV “პირველის” წამყვანმა ინგა გრიგოლიამ კალაძეს ჰკითხა, რა რეაქცია ექნებოდა, ოპოზიციაში ყოფნისას ხელისუფლებისგან რომ მოესმინა იგივე, რაც დღეს კალაძემ ოპოზიციაზე თქვა — ვისაც გადატრიალება უნდა, საწოლში გადატრიალდესო.

კალაძემ პასუხი ასე დაიწყო: “მომიწევს გახსენება წლების, როდესაც მე ოპოზიციაში ვიყავი და არც იმას გამოვრიცხავ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმოვჩნდე ოპოზიციაში. ვარ პოლიტიკური გუნდის წევრი, ვარ პოლიტიკოსი და ეს ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია, აქ სიახლეს და რაღაც განსხვავებულს ვერაფერს ვერ ვიტყვი”.

წამყვანმა ჰკითხა, შემთხვევით წამოსცდა ეს ფრაზა, თუ უნდა ველოდოთ, რომ იგი “ქართული ოცნების” ოპოზიციაში აღმოჩნდება, რაზეც კალაძემ უპასუხა:

“მე “ქართული ოცნების” ოპოზიციაში არ მითქვამს. მე ვთქვი, რომ შეიძლება, ვიყოთ ოპოზიციაში იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” სულ ხელისუფლებაში ვერ იქნება. ეს ცხადია… რა თქმა უნდა, მე გუნდის სახელით ვსაუბრობ, რადგან “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი გახლავართ და საკმაოდ კარგად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც მაქვს აღებული ჩემი ქვეყნის და დედაქალაქის წინაშე”.

მასალების გადაბეჭდვის წესი