“რუსეთში ჰიპ-ჰოპ არტისტებისთვის გამოცხადებული ომი აერთიანებს მათ” — CNN

CNN იუწყება, რომ რუსეთში მოღვაწე რეპერები და ჰიპ-ჰოპ არტისტები ერთიანდებიან რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ მათთვის გამოცხადებული ომის წინააღმდეგ.

რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ თუ ქვეყანაში რეპის “შეჩერება” შეუძლებელია, მაშინ მისი მართვა მოგვიწევსო და მისი “დარეგულირების” ინიციატივით გამოვიდა.

პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, პუტინმა განაცხადა, რომ რეპერებისთვის კონცერტების ჩატარების აკრძალვას საპირისპირო შედეგი მოჰყვება და რეპის პოპულარობა კიდევ უფრო გაიზრდება.

მართლია, ერთი შეხედვით, როგორც “ტელეგრაფი” წერს, ამ განცხადების ტონი შერბილებულია, თუმცა რუსეთის ოფიციალურ უწყებებს დიდი ხანია ომი აქვთ გამოცხადებული მუსიკოსების წინააღმდეგ.

მაგალითად, ნოემბერში “მსუბუქი ხულიგნობის” ბრალდებით დააკავეს რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რეპერი დიმიტრი კუზნეცოვი, იგივე ჰასკი (Husky).

ჰასკი კრასნოდარში დააკავეს, როდესაც გულშემატკივრებისთვის ქუჩაში, მანქანაზე ასრულებდა სიმღერებს. ქუჩაში შესრულება კი იმიტომ მოუწია, რომ საკონცერტო დარბაზს, სადაც მას უნდა შეესრულებინა, ელექტროენერგიის მომარაგება შეუწყვიტეს.

25 წლის ჰასკი ძირითადად სიღარიბეზე, კორუფციასა და პოლიციის სისასტიკეზე რეპავს. ადგილობრივი სამართალდამცავები ამბობდნენ, თითქოს მისი ქმედებები “ექსტრემიზმის” ნიშნებს შეიცავდა.

სანამ პოლიციელები წაიყვანდნენ, რეპერი მანქანაზე აძვრა და ასეულობით მსმენილით გარშემორტყმულმა დაიძახა: “მე ვიმღერებ ჩემს მუსიკას”.

ჰასკის დაპატიმრების შემდეგ ცნობილმა რეპერებმა, ოქსიმორონმა (Oxxxymiron),  (Basta) and Noize MC-მ ორგანიზება გაუწიეს მის მხარდამჭერ კონცერტს, რომლის სლოგანიც ის სიტყვები იყო, რაც ჰასკიმ დაკავებამდე წარმოთქვა: “მე ვიმღერებ ჩემს მუსიკას”.

ოქსიმორონმა დატვიტა: “ეს არა მხოლოდ ჰასკის, არამედ ყოველი ჩვენგანისა და ჩვენს ქვეყანაში მუსიკის მომავლის ამბავია”.

კონცერტამდე სულ რამდენიმე საათით ადრე ჰასკი გამოუშვეს და ბრალდებაც მოუხსნეს.

თუმცა ეს ერთადერთი შემთხვევა არ ყოფილა:

Human Rights Watch-ის თანახმად, ოქტომბრის შემდეგ, ყველაზე ცოტა, შვიდ შემსრულებელს (მეტწილად რეპერები) გაუუქმეს კონცერტები საპოლიციო რეიდების თუ სხვა ზომების მიღების შემდეგ.

გამოცემა Calvert Journal-ის თანახმად კი, 2018 წლის განმავლობაში ბევრი დიდი თუ მცირე მასშტაბის კონცერტი გაუქმდა, როგორც პანკ-ჯგუფების, ასევე, ჰიპ-ჰოპ და რეპ შემსრულებლების.

პუტინის თქმით, რუსეთში რეპი უნდა გაკონტროლდეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლუკა პერტაია 2018 წლის 1 სექტემბრიდან არის ნეტგაზეთის რეპორტიორი. ის ადრეც მუშაობდა ნეტგაზეთში — 2016 წლის მაისიდან 2017 წლის თებერვლამდე. Email: lukapertaia@gmail.com