ახალი ამბები

როგორ შეეხება მიგრაციის შესახებ გერმანიის კანონი საქართველოს მოქალაქეებს – ელჩის განმარტება

18 დეკემბერი, 2018 • 8726
როგორ შეეხება მიგრაციის შესახებ გერმანიის კანონი საქართველოს მოქალაქეებს – ელჩის განმარტება

გერმანიაში საქართველოს ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის განცხადებით, გერმანიის ბუნდესტაგი განიხილავს მიგრაციის შესახებ ახალ კანონს, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების საკითხი უნდა დაარეგულიროს, რაც საქართველოსაც შეეხება.

“გერმანიაში არსებობს ე.წ. დასავლეთ ბალკანეთის რეგულაციები, რომელიც გულისხმობს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ლეგალური შრომითი მიგრაციისთვის გამარტივებულ პროცედურებს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ გერმანიაში დამსაქმებელს ნახავენ და შესაბამისი სამუშაო ხელშეკრულება აქვთ, შეუძლიათ, დროებითი სამუშაო ვიზა მიიღონ. ასევე ეს ვრცელდება პროფესიული განათლების კურსების დამთავრებაზე და შემდეგ შესაბამისი სამუშაოს ადგილების მოძებნაზე. გერმანიის ბუნდესტაგი დღეს განიხილავს მიგრაციის კანონს, რომელმაც უნდა დაარეგულიროს როგორც ახლა არსებული მიგრაციის პროცედურები, ასევე, ლეგალური შრომითი მიგრაციის წესები. ახალ კანონპროექტი საქართველოს, როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყნის, მოქალაქეებზეც გავრცელდება. ერთი მხრივ, ეს შეეხება როგორც მაღალკვალიფიციურ კადრებს, ასევე, იმ სამუშაოს მაძიებლებს, რომლებსაც აქვთ პროფესიული განათლების კურსი დამთავრებული ან დამსაქმებელს იპოვიან გერმანიაში”, – განაცხადა ხოკრიშვილმა.

ელჩის განმარტებით, ეს არ ითვალისწინებს ქვეყნებისთვის, მათ შორის არც საქართველოსთვის, დასაქმების კვოტების გამოყოფას, არამედ ხდება იმ სექტორების განსაზღვრა, რომელში დასაქმებულთათვისაც სამუშაო ვიზის მიღება გამარტივდება.

“კანონი ითვალისწინებს არა კვოტებს, არამედ პრიორიტეტული სექტორების გამოყოფას, სადაც უფრო მეტი სამუშაო ადგილია, და ამ სექტორებში სამუშაოს მაძიებლებისთვის  გამარტივებული წესების შემოღებას. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება თვითონ სამუშაო ბაზრის მოთხოვნებზეც. ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ერთ-ერთი ინსტიტუტის კვლევა, რომ გერმანიას შემდეგი წლების განმავლობაში დაახლოებით 400 000 სამუშაო ძალა ესაჭიროება იმისთვის, რომ ქვეყანის ეკონომიკამ განვითარების საჭირო ტემპები შეინარჩუნოს.  აქედან გამომდინარე, გერმანიას სჭირდება როგორც მაღალკვალიფიცირებული სამუშაო კადრები, ასევე, პროფესიული განათლების მქონე კადრები”, – განაცხადა ხოკრიშვილმა.

რაც შეეხება საქართველოდან არალეგალურ მიგრაციას, ელჩის თქმით, მნიშვნელოვნად შემცირებულია გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, შესაბამისად, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნის დაყენება გერმანიის მხრიდან დღის წესრიგში არ დგას.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა საქართველოში ვიზიტისას განაცხადა, რომ ამუშავებენ კანონპროექტს, რომლითაც შეიქმნება ლეგალურად დასაქმების კვოტები, რომლით სარგებლობაც საქართველოს მოქალაქეებსაც შეეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი