ახალი ამბები

დამატებითი დეტალები მოშიმშილე პატიმრის გარდაცვალებაზე

18 დეკემბერი, 2018 • 2222
დამატებითი დეტალები მოშიმშილე პატიმრის გარდაცვალებაზე

პენიტენციურ დაწესებულებაში 17 დეკემბერს გარდაცვლილი პატიმარი განზრახ მკვლელობის მცდელობაზე იყო ბრალდებული. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ფასიეიშვილი ირწმუნებოდა, რომ  მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და დაზარალებულისთვის მხოლოდ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებას აპირებდა.

როგორც ნეტგაზეთს მთავარ პროკურატურაში უთხრეს, 12 ივლისს გარდაცვლილმა პატიმარმა თბილისში, მეტრო-სადგურ “ღრმაღელეს” მიმდებარე ტერიტორიაზე ურთიერთშელაპარაკებისას, განზრახ მოკვლის მიზნით, მოქალაქე მუცელში დაჭრა და ადგილიდან მიიმალა.

გამოძიების ცნობით, დაჭრილი დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს. ბრალდებული ფასიეშვილი 30 ივლისს დააკავეს, ხოლო პირველ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ  აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე პროკურატურამ გამოძეიბა სსკ 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

სახალხო დამცველის აპარატი ფასიეიშვილის გარდაცვალების ფაქტს შეისწავლის. ომბუდსმენის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის თქმით, პატიმარს სახალხო დამცველისთვის არ მიუმართავს, აპარატს არც მისი შიმშილობის შესახებ ჰქონია ინფორმაცია. მისი თქმითვე, პენიტენციურ დაწესებულებას ფასიეიშვილის შემთხვევაში შიმშილობა, როგოც პროტესტის ფორმა, დაფიქსირებული არ ჰქონია.

“დღეს დილით დაწესებულებაში ჩვენი თანამშრომლები მივიდნენ და ნახეს სამედიცინო დოკუმენტები. როგორც ამ დოკუმენტებიდან და პირადი საქმიდან ირკვევა, ფორმალურად შიმშილობა გამოცხადებული არ იყო. პენიტენციური სამსახურის წესებიდან გამოდინარე, ამის გამო ჩვენ პატიმრის შიმშილობაზე ინფორმაცია ვერ მივიღეთ. მოშიმშილე პატიმრები, რომლებსაც სამსახური ფორმალურად აღრიცხავს, მათ შესახებ სახალხო დამცველის აპარატს ავტომატურად ეცნობება,” – ამბობს გიორგი ბურჯანაძე.

ჯერ უცნობია, როდის დაასრულებს პატიმრის გარდაცვალების საქმის შესწავლას სახალხო დამცველის აპარატი.

“ამ ეტაპზე ჩვენი წარმომადგენლები სწავლობენ იმ დოკუმენტებს, რომლებიც ციხეშია. საკანონმდებლო შეზღუდვის გამო ასლები ვერ მოგვაქვს და ადგილზე ხდება გარკვეული საკითხების შესწავლა. გარდა ამისა, გვინდა დამატებით გამოვკითხოთ გარკვეული პირები. ამის შემდეგ გვექნება სრული სურათი მომხდართან დაკავშირებით,” – აცხადებს სახალხო დამცველის მოადგილე.

17 დეკემბერს პატიმარი გიორგი ფასიეიშვილი, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა და დაკავების დღიდან პროტესტის ნიშნად შიმშილობდა, ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში გარდაიცვალა. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულის შიმშილობის შესახებ შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ აცნობეს.

ნეტგაზეთი პენიტენციურ სამსახურს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა, თუ პატიმარმა დაწესებულებაში მისვლისთანავე შიმშილობა გამოაცხადა, რატომ არ აღრიცხეს როგორც მოშიმშილე პატიმარი, რათა სახალხო დამცველს მის შესახებ ინფორმაცია ჰქონოდა.

“პენიტენციურმა სამსახურმა მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი გამოიყენა იმისთვის, რომ ბრალდებულს დახმარებოდა, თუმცა თავად გიორგი ფასიეიშვილი კატეგორიულ უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარების მიღებაზე,”-უთხრეს ნეტგაზეთს უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, სპეციალური პენიტენციური კიდევ ერთხელ სამსახური განმარტავს, რომ ბრალდებული საკვებს პერიოდულად იღებდა, თუმცა ზოგჯერ უარს აცხადებდა კვებაზე.

პენიტენციურმა სამსახურმა ინფორმაცია პატიმრის გარდაცვალებაზე 18 დეკემბერს გაავრცელა. განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბრიდან გიორგი ფასიეიშვილი სისუსტის გამო ხუთჯერ იყო ჰოსპიტალიზებული N8 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში, სადაც უარს აცხადებდა სამედიცინო დახმარებაზე და ისევ N8 დაწესებულებაში დაბრუნებას მოითხოვდა.

უწყებისვე ინფორმაციით, გარდაცვლილს დიაგნოზად დაესვა ღვიძლის მწვავე და ქვემწვავე უკმარისობა, დაუზუსტებელი თრომბოციტოპენია, დაუზუსტებელი კოაგულოპათია, ბოდვითი აშლილობა, ჰიპოგლიკემია.

სამსახურის განცხადებით, გიორგი ფასიეიშვილი გადაადგილებისას ინვალიდის ეტლით სარგებლობდა, აღენიშნებოდა წონის დეფიციტი, საერთო სისუსტე. როგორც სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, ბრალდებული უარს აცხადებდა გამოკვლევებსა და გასინჯვაზე:

“გიორგი ფასიეიშვილი იმყოფებოდა ღუდუშაურის თერაპიულ განყოფილებაში, სადაც უცბად განუვითარდა ქოშინი, აპნოე და მიუხედავად ექიმების მცდელობისა და ჩატარებული სარეანიმაციო ღონისძიებებისა, სამწუხაროდ, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი