ქალთა უფლებადამცველები გაბუნიას დანიშვნის გასაპროტესტებლად აქციებს აანონსებენ

დღეს, 18 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილმა დიმიტრი გაბუნია პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად დანიშნა. სწორედ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ქალთა უფლებადამცველი ორგანიზაციები საპროტესტო აქციას აანონსებენ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო მდივნის პოზიციაზე სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებული ზვიად დევდარიანის ადვოკატი – დიმიტრი გაბუნია განიხილებოდა, ფემინისტურმა გაერთიანება “ქალთა მოძრაობამ” ზურაბიშვილს განცხადებით მიმართა.

განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ გაბუნიას კანდიდატურის საწინააღმდეგო არგუმენტად “ქალთა მოძრაობა” ასახელებს გაბუნიას მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას ზვიად დევდარიანის მისამართით სექსუალური შევიწროების ბრალდებასთან დაკავშირებით.

“რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?” — მოძრაობის ცნობით, რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოემხაურა დიმიტრი გაბუნია დევდრიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს.

ნეტგაზეთთან საუბარში აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ფემინისტი იდა ბახტურიძე განმარტავს, რომ მიუხედავად მათი თხოვნისა, სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა “ქალთა მოძრაობის” აზრი და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ის პირი დანიშნა, რომლის ღირებულებებიც ფემინისტური ორგანიზაციებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია.

“მან არ გაითვალისწინა ჩვენი განცხადება და დღეს უკვე ოფიციალურად დანიშნა საპარლამენტო მდივნად დიმიტრი გაბუნია. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ შაბათს ამ გადაწყვეტილებას აქციით გამოვეხმაუროთ. ჩვენი მთავარი მიზანია, რომ სალომე ზურაბიშვილს უფრო ხმამაღლა გავაგონოთ ჩვენი მოთხოვნები და, ზოგადად, ქალების ხმა. ვუთხრათ მას, თუ რატომ არის პრობლემური ასეთი ადამიანების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა იმ ფაქტის გათვალისწინების გარეშე, რომ გაბუნიას დამოკიდებულება ისეთი საკითხის მიმართ, როგორიცაა სექსუალური შევიწროება, საჯარო და ყველასთვის ცნობილია,” – ამბობს იდა ბახტურიძე.

მისივე თქმით, ჯერჯრობით დაზუსტებული არ არის აქციის დრო, ხოლო ერთ-ერთ ადგილად ათონელზე მდებარე ორბელიანების სასახლე განიხილება, სადაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, მისი ადმინისტრაცია განთავსდება.

ვრცლად ამ თემაზე:

“ქალთა მოძრაობა” ზურაბიშვილს მოუწოდებს, გადახედოს გაბუნიას დანიშვნას საპარლამენტო მდივნად

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან