ახალი ამბები

ეკონომიკური დესპანები კომერციული ატაშეების ნაცვლად – ცვლილება მთავრობის ინიციატივაში

18 დეკემბერი, 2018 • 1084
ეკონომიკური დესპანები კომერციული ატაშეების ნაცვლად – ცვლილება მთავრობის ინიციატივაში

ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში საზღვარგარეთ დაანონსებული კომერციული ატაშეების ნაცვლად ეკონომიკური დესპანები იმუშავებენ.

ამასთან, თუ კომერციული ატაშეები ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი პირები უნდა ყოფილიყვნენ, ეკონომიკური ატაშეები საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იქნებიან, თუმცა მჭიდროდ ითანამშრომლებენ ეკონომიკის სმაინისტროსთან და სხვა სამთავრობო უწყებებთან.

“ატაშეების დანიშვნის პროცესი კვლავ გრძელდება, უბრალოდ, ჩვენ თვისობრივად უფრო მაღალ დონეზე გადავიყვანეთ – ესენი აღარ იქნებიან ატაშეები, ესენი იქნებიან ეკონომიკური დესპანები. ელჩის მოადგილის დონემდე ავწიეთ, რადგან ვთვლით, რომ გაცილებით  მაღალი დონე უფრო მეტი შედეგების მომტანი იქნება. იმედი მაქვს, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ეს პროცესი დაიძვრება. შერჩეულია ქვეყნები, რომლებშიც წარგზავნილი უნდა იყოს ეკონომიკური დესპანები. ეს ხალხი დაფარავს არა მარტო ერთ ქვეყანას, არამედ – რამდენიმეს რეგიონში. შესაბამისად, იმედი მაქვს, მომავალი წლიდან ეს პროცესი დაიწყება და სრულყოფილად განხორციელდება”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ღვთისიაშვილმა.

ეკონომიკური დიპლომატიის გააქტიურება საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2015 წელს დააანონსა. მაშინ გიორგი კვირიკაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ განაცხადა, რომ ზოგიერთ საელჩოში ეკონომიკური კომპეტენციის თანამშრომლები არ არიან. 2016 წელს მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ამბობდა, რომ თავდაპირველად ატაშეები მხოლოდ რამდენიმე საელჩოსა თუ საკონსულოში დაინიშნებოდნენ, რის შემდეგაც მათი რაოდენობა გაფართოვდებოდა.

კომერციული ატაშეების შესარჩევი კონკურსი კი მთავრობამ მიმდინარე წლის 6 მარტს გამოაცხადა. კომერციული ატაშეები წარგზავნილი უნდა ყოფილიყვნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, თურქეთში, დიდ ბრიტანეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, თუმცა ისინი ამ დრომდე არ დანიშნულან.

მასალების გადაბეჭდვის წესი