ახალი ამბებისამართალი

გურამ დონაძე და სხვები რობაქიძის საქმეზე სასამართლომ გაამტყუნა

18 დეკემბერი, 2018 • 5510
გურამ დონაძე და სხვები რობაქიძის საქმეზე სასამართლომ გაამტყუნა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 18 დეკემბერს, გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გურამ დონაძისა და იმ პირთა მიმართ, რომლებიც 2004 წელს პოლიციის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იყვნენ ბრალდებულები.

შსს-ს პრესსამსახურის ყოფილ თანამშრომელს მიესაჯა პატიმრობა 5 წლითა და 3 თვის ვადით. გარდა ამისა, აეკრძალა თანამდებობის დაკავება 2 წლითა და სამი თვით. იგივე სასჯელი დაეკისრათ ირაკლი ფირცხალავასა და დავით იაშვილს. რაც შეეხება ზურა მიქაძეს, მას სასჯელის სახით განესაზღვრა პატიმრობა 5 წლისა და 3 თვის ვადით, თანამდებობის დაკავება 2 წლითა და 3 თვის ვადიათ.

რაც შეეხება ზაზა ბაქრაძეს, მას გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება და სასჯელის სახით განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 4 წლითა და 6 თვის ვადით, ასევე, ჯარიმა 5 ათასი ლარის ოდენობით. მას ასევე 2 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

5-წლიანი სასამართლო განხილვების შემდეგ ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა გამოაცხადა.

გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა საქალაქო სასამართლოში.

ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე ბრალდებული იყო 5 პირი: გურამ დონაძე, ზაზა ბაქრაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და დავით იაშვილი.

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, ზაზა ბაქრაძე ერთადერთია აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულთაგან, რომელიც დანაშაულს აღიარებს. მისი თქმით, რობაქიძის მკვლელობის ადგილზე იარაღი მიიტანეს, რაშიც თავადაც მიიღო მონაწილეობა. ბაქრაძე 2018 წლის 28 თებერვალს ჩვენების მისაცემად დაბრუნდა საქართველოში, რა დროსაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, ხოლო 30 მარტს 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

დანარჩენი ოთხი ბრალდებული დანაშაულს ამ დრომდე არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ბუტა რობაქიძის საქმე - მოკლედ

ბუტა რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მოკლა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საქმის გამოძიება განახლდა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით ბრალდებით გამოძიება შსს-ს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსნის მიმართ დაიწყო.

2013 წელს ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, კრიმინალური პოლიციის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, ირაკლი ფირცხალავამ პროკურატურაში ვიდეომასალა მიიტანა, რომელშიც, მისი მტკიცებით, ჩანს, თუ როგორ პოულობენ ადგილზე მისული სამართალდამცავები იარაღს. თუმცა რობაქიძის ოჯახს ამის არ სჯერა და ამბობს, რომ მასალა ყალბია.

მასალების გადაბეჭდვის წესი