ახალი ამბები

ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, გაბუნია კი საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

18 დეკემბერი, 2018 • 2469
ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად, გაბუნია კი საპარლამენტო მდივნად დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ადმინისტრაციის უფროსად ლაშა ჟვანია დანიშნა, საპარლამენტო მდივნად კი- იურისტი დიმიტრი გაბუნია.

როგორც პრეზიდენტმა დღეს, 17 დეკემბერს, ახალ რეზიდენციაში ჟურნალისტებს უთხრა, თავისი გუნდის ძირითად ბირთვს კვირის ბოლომდე, უახლოეს დღეებში წარადგენს. ადმინისტრაცია მუშაობას ათონელზე განთავსებულ ახალ რეზიდენციაში შეუდგება, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, პრეზიდენტი საქმიანობას დაიწყებს რეზიდენციის ადმინისტრაციულ ფლიგელში, დაახლოებით 2 თვეში კი მზად იქნება საპრეზიდენტო ფლიგელიც.

[red_box]ლაშა ჟვანია[/red_box]

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ლაშა ჟვანია სალომე ზურაბიშვილის შტაბში მუშაობდა.

  • ლაშა ჟვანია ედუარდ შევარდნაძისა და შემდეგ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში რამდენიმე მაღალ თანამდებობას იკავებდა.

2002–2003 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე იყო. ამავე პერიოდში იყო საქართველოს ანტიკორუფციული საბჭოს მუდმივი წევრი.

2003 წლის ნოემბრიდან ლაშა ჟვანია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, სალომე ზურაბიშვილის მოადგილე იყო. 2005 წლის მარტიდან დაინიშნა საქართველოს ელჩად ისრაელსა და კვიპროსში. 2008 წლის ივნისიდან ლაშა ჟვანია საქართველოს მე–7 მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. 2008 წლის 10 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის შეთავაზებით, ის საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრად დაინიშნა, საიდანაც 2009 წლის 21 აგვისტოს გაათავისუფლეს. ლაშა ჟვანია ბოლო დრომდე საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის პოსტზე მუშაობდა.

[red_box]დიმიტრი გაბუნია[/red_box]

დიმიტრი გაბუნია, როგორც ადვოკატი, სხვადასხვა დროს რამდენიმე გახმაურებულ საქმეში იყო ჩართული. მათ შორის იყო დიმიტრი ქუმსიშვილის, ზვიად დევდარიანის, მაკა ასათიანისა და სხვების ადვოკატი.

ფემინისტური გაერთიანება “ქალთა მოძრაობა” და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე კვირის წინ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებდნენ, გადაეხედა გადაწყვეტილებისთვის, რომლის მიხედვითაც, საპარლამენტო მდივნად ადვოკატ დიმიტრი გაბუნიას კანდიდატურა განიხილებოდა.

ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივნად გაბუნიას კანდიდატურის საწინააღმდეგო არგუმენტად “ქალთა მოძრაობა” ასახელებდა გაბუნიას მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებულ განცხადებას ზვიად დევდარიანის მისამართით სექსუალური შევიწროების ბრალდებასთან დაკავშირებით.

“რას აკეთებდა რო ისეთს, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი არ აკეთებს?” — მოძრაობის ცნობით, რამდენიმე თვის წინ ამ ფრაზით გამოემხაურა დიმიტრი გაბუნია დევდრიანის წინააღმდეგ შეტანილ საჩივრებს.

ზვიად დევდარიანი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” ხელმძღვანელობდა, 2018 წლის გაზაფხულზე ქალების სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულეს. გაბუნია დევდარიანის ადვოკატი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი