გაფართოება დაბრუნდა ევროკავშირის დღის წესრიგში, თუმცა ჩვენ ჯერ არ გვეხება – ელჩი საბანაძე

ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის ნატალი საბანაძის განცხადებით, ევროკავშირის დღის წესრიგში გაფართოების თემატიკის დაბრუნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სიგნალია და ქვეყანა ყურადღებით აკვირდება იმ პროცესებს, რომლებიც დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით ვითარდება.

“თვითონ ევროკავშირი დგას გამოწვევების წინაშე. ის, რაც [ევროკავშირის] შიგნით ხდება, თავისთავად ჩვენზეც მოქმედებს, მაგრამ საინტერესოა, რომ წელს გაფართოების თემატიკა დაბრუნდა ევროკავშირის დღის წესრიგში. ეს ეხება ბალკანეთს, მაგრამ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რამდენადაც გარკვეული პერიოდი ეს თემა გაყინული იყო. ეს ჩვენ გვაძლევს იმედს, რომ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა გაგრძელდება და ძალიან დიდი ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს. ბალკანეთის მიმართ დაანონსებულია სტრატეგია და თარიღიც – 2020-25 წლები. ამ თარიღისთვის იმ ქვეყნებთან მიმართებაში, რომლებიც მზად იქნებიან, ევროკავშირმა განაცხადა, რომ ისიც მზად იქნება მათ მისაღებად. ჩვენ ჯერ ეს თემა არ გვეხება, მაგრამ  გაფართოების არსებობა თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის სიგნალია, რომ უნდა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით მუშაობა”, – განაცხადა საბანაძემ.

ევროკავშირში საქართველოს ელჩის თქმით, საქართველო ყურადღებით აკვირდება ბრექსიტის პროცესსაც, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ევროკავშირის შიდა მოწყობაზე, ასევე, მის საგრეო პოლიტიკაზე.

“ამასაც ვაკვირდებით. საინტერესოა, როგორი ტიპის ურთიერთობები დალაგდება ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის და რა შეიძლება იყოს ჩვენთვის საინტერესო ამ კუთხით”, – აღნიშნა ელჩმა.

რაც შეეხება საქართველოს მხრიდან ევროკავშირში გაწევრებაზე ოფიციალური განაცხადის გაკეთებას, ნატალი საბანაძის თქმით, უნდა  შეირჩეს მომენტი, როდესაც ყველაზე ნაკლები იქნება უარის მიღების ალბათობა.

“[განაცხადი] აუცილებლად იქნება გასაკეთებელი რაღაც მომენტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ავირჩიოთ სტრატეგიულიად მნიშვნელოვანი მომენტი.  ეს არ უნდა იყოს ის მომენტი, როდესაც ჩვენ შეიძლება, უარი მივიღოთ. ეს რისკი მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი”, – დასძინა საქართველოს ელჩმა ევროკავშირში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი