ახალი ამბები

ბრექსიტის შემდეგ თბილისი UK-თან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

18 დეკემბერი, 2018 • 1224
ბრექსიტის შემდეგ თბილისი UK-თან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

ბრექსიტის შემდეგ საქართველო გეგმავს გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ორმხრივი შეთანხმების გაფორმებას.

როგორც საქართველოს ელჩმა გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, ხელშეკრულებაზე კონსულტაციების რამდენიმე რაუნდი ექსპერტების დონეზე გაიმართა.

“უკვე გვაქვს კონტურები იმ მოლაპარაკებისა, რომელიც აუცილებლად იქნება მასშტაბური, ყოვლისმომცველი, ორიენტირებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ყველა მიმართულებით. მიუხედავად ბრექსიტის სირთულეებისა, ქართულ -ბრიტანული ურთიერთობები არის ძალიან მაღალ დონეზე. საქართველო და ბრიტანეთი უკვე ძალიან აქტიურად თანამშრომლობენ, რომ ეს გამოწვევა ჩვენ გადავაქციოთ ახალ შესაძლებლობად. ახალი შესაძლებლობა ნიშნავს ახალი, სტრატეგიული, ყოვლისმომცველი ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას დიდ ბრიტანეთთან, რომელიც უპირველეს ყოვლისა, მოიცავს ძალიან ფართო მასშტაბიან თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტს და იმ უნიკალურ სფეროებში თანამშრომლობას ბრიტანეთთან, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოს უსაფრთხოებისთვის, საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის. ეს არის თანამშრომლობა ტერორიზმის, კიბერშეტევების წინააღმდეგ და სხვა”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული მხარის ძალისხმევა მიმართულია გაერთიანებულ სამეფოსთან სავიზო რეჟიმის გამარტივებისკენაც.

“მოგეხსენებათ, რომ ემიგრაცია ბრექსიტის ერთ-ერთი გამომწვევი კომპონენტი იყო, მაგრამ ამასთან დაკავშირებით ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმისკენ, რომ ევროკავშირში თავისუფალი მიმოსვლის ფონზე, მივაღწიოთ სავიზო პირობების და მოთხვნების გამარტივებას დიდ ბრიტანეთთან. ეს არ არის ადვილი ამოცანა, მით უმეტეს, ბრექსიტის ფონზე, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი თანამშორმლობის დღის წესრიგში”, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი