ახალი ამბები

აბიტურიენტების პროტესტი ეროვნულ გამოცდებამდე ერთი დღით ადრე

25 ივნისი, 2014 • • 1978
აბიტურიენტების პროტესტი ეროვნულ გამოცდებამდე ერთი დღით ადრე

საქმე ისაა, რომ გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდამდე სამი დღით ადრე გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგამოცდო ტესტის ერთ-ერთი დავალების ინსტრუქცია იცვლება და, წინა წლებისგან განსხვავებით, როდესაც აბიტურიენტს 18 შეცდომა უნდა ეპოვა, ამჯერად დავალებაში აღმოსაჩენი შეცდომების რაოდენობა მითითებული აღარ იქნება.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ გამართული აქციით აბიტურიენტების ნაწილმა სწორედ ეს ცვლილება გააპროტესტა. მათ სამინისტროში განცხადება დატოვეს, რომლითაც მინისტრსა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს თავიანთი მოთხოვნები გააცნეს.


ისინი ტესტში შეტანილი ცვლილებების გაუქმებას და მომავალში ყველანაირი ცვლილების შესახებ ინფორმაციის მინიმუმ სამი თვით ადრე გავრცელებას ითხოვენ.

“ჩვენი მოთხოვნაა, შეიცვალოს ის უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, რომელიც ეროვნულ ცენტრს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აქვს დღეს აბიტურიენტების მიმართ. თუ წლევანდელ აბიტურიენტებს არ დაეხმარება ჩვენი საპროტესტო გამოსვლა, ვიმედოვნებ, რომ მომავალი თაობისთვის მაინც შეიცვლება რაღაც”,- ამბობს აბიტურიენტი ონისე წულაია.


აქციის მონაწილე სალომე გოგოლაშვილი მიიჩნევს, რომ უნდა შეიცვალოს დამოკიდებულება აბიტურიენტების მიმართ და არ უნდა მოხდეს მათი უფლებების დარღვევა:


“შეცდომას, სიმართლე გითხრათ, თვრამეტს იპოვი თუ ოცს, მაგას მნივნელობა არ აქვს, სადაც თვრამეტს პოულობ, იქაც იმ ორს იპოვი. პრობლემა არის ის, რომ სამი დღით ადრე გვეუბნებიან ამას. არასერიოზულად გვეკიდებიან ჩვენ და არ ითვალისწინებენ ჩვენს ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. ტესტებს რეალურად ვერ შეცვლიან ახლა, თავიდან ვერ დაბეჭდავენ, მაგრამ გვინდა გვითხრან, რამდენი შეცდომა იქნება იქ. და გვინდა, რომ დამოკიდებულება ჩვენ მიმართ შეიცვალოს და საცდელი ლაბორატორიის ბაჭიებად არ ჩაგვთვალონ”.

 

აქციის შემდეგ აბიტურიენტებმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელძღვანელთან შეხვედრის გადაწყვეტილება მიიღეს, მაია მიმინოშვილს ისინი ამ წუთებში ხვდებიან.


გუშინ, 24 ივნისს, გამოცდების ეროვნული ცენტრმა ამ საკითხთაბ დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ცენტრმა განმარტა, რომ ადგილი ჰქონდა აბიტურიენტთა დეზინფორმირებას, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის 2014 წლის საგამოცდო ტესტში ცვლილებები რამდენიმე დღით ადრე შევიდა.

 

“შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კატეგორიულად აცხადებს, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის 2014 წლის საგამოცდო ტესტში არც ერთი დავალების ტიპი შეცვლილი არ არის. წინა წლების იდენტურია ამ დავალებათა შეფასების კრიტერიუმებიც (2013 წლის საგამოცდო ტესტები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოცდების დასრულებისთანავე გამოაქვეყნა ვებგვერდზე). არ შეცვლილა არც ტექსტის რედაქტირების ინსტრუქცია, მხოლოდ არ არის მითითებული შეცდომების რაოდენობა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის წევრებმა სპეციალისტებთან კონსულტაციის შედეგად აბიტურიენტების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს,”- აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ გაიგეს ცვლილების შესახებ აბიტურიენტებმა გამოცდამდე სამი დღით ადრე, მაია გაბუნია, ცენტრის წარმომადგენელი ამბობს:

 

“ყველა ქვეყანაში მიღებული წესია, დავალების ზუსტი ინსტრუქცია გამოცდის დღეს გაიგონ. ანუ იმაზე მეტი გავუკეთეთ, ვიდრე უნდა გაკეთებულიყო. ალბათ ამაში იყო ჩვენი შეცდომა.”

მასალების გადაბეჭდვის წესი