ახალი ამბები

ოპოზიციისთვის გზების გადაკეტვა შეკრების თავისუფლების შეზღუდვაა – NGO-ები

17 დეკემბერი, 2018 • 1792
ოპოზიციისთვის გზების გადაკეტვა შეკრების თავისუფლების შეზღუდვაა – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი ოპოზიციისთვის თელავში მანიფესტაციის ჩატარების ხელშეშლის გამო შეშფოთებულია. 11 ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფო ორგანოებმა უფლებამოსილებას გადააჭარბეს, შედეგად, აქციის მონაწილეებს გადაადგილებისა და მანიფესტაციის თავისუფლება შეეზღუდათ.

NGO-ები მთავარ პროკურატურას მოუწოდებენ, გამოიძიოს შსს-ს წარმომადგენლების მხრიდან გადაადგილებისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვის კანონიერების საკითხი. ამას გარდა, შეისწავლოს ძალადობის ფაქტები, რომლებიც მიმართული იყო, ერთი მხრივ, აქციის მონაწილეების, მეორე მხრივ კი, ინაუგურაციაზე მისული პირების, მათ შორის, დეპუტატების წინააღმდეგ.

“ის ფაქტი, რომ  სახელმწიფო ორგანოებმა მანიფესტანტებს შესთავაზეს გადაადგილების ალტერნატიული საშუალება გრძელი შემოვლითი გზის სახით, სახელმწიფოს ქმედებას არ ხდის მართლზომიერს. ოპოზიციის აქცია შეეხებოდა საინაუგურაციო ცერემონიას და ამდენად, მიზანმიმართულმა შეფერხებამ, მთლიანობაში, შინაარსი გამოაცალა მის ჩატარებას,” – წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამავდროულად, ორგანიზაციები შემაშფოთებას გამოხატავენ ოპოზიციის მხარდამჭერების მიერ 16 დეკემბერს დეპუტატების მანქანაზე განხორციელებული თავდასხმის გამო. თელავში “გაერთიანებული ოპოზიციის” მხარდამჭერებმა მანქანა დააზიანეს, რომელშიც პარლამენტის წევრები, თამარ ხულორდავა და ნინო გოგუაძე ისხდნენ.

“მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ქმედება და მანიფესტანტების უფლებების შეზღუდვა ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს,  საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებს. ვითარებას ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მოცემულ შემთხვევაში, სახეზე იყო არა რიგითი საჯარო მოხელეების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბება, არამედ  სახელმწიფოს ინსტიტუციონალური ნაბიჯი – ოპოზიციის წარმომადგენელთათვის ქ. თელავში შესვლის აკრძალვით, არამართლზომიერად შეეზღუდათ გადაადგილების თავისუფლება და ამდენად, არ მიეცათ მათთვის აქციის გამართვის საშუალება,” -წერია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას კონსიტიტუციას ახსენებენ, სადაც წერია, რომ ადამიანებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე შეიკრიბონ საჯაროდ, როგორც ჭერქვეშ, ასევე გარეთ. კონსტიტუციით გარანტირებულია ასევე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება.

  • განცხადებას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED);
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS);
  • თანასწორობის მოძრაობა;
  • ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის;
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი;
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC);
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD);
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF);
  • საფარი;
  • ტოლერანტობისა და მრაფალფეროვნების ინსტიტუტი (TDI).

გაერთაინებული ოპოზიციის აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება 16 დეკემბერს რამდენჯერმე მოხდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცველებმა ოპოზიციის კოლონას თელავისკენ მიმავალი გზა გადაუკეტეს. ოპოზიციის საპროტესტო კოლონა თბილისიდან თელავისკენ 09:00 საათზე დაიძრა.

მათ გომბორის გზა გადაკეტილი დახვდათ, იქ მხოლოდ საშვების მქონე ადამიანებს უშვებდნენ. ამის შემდეგ მათ გზა გურჯაანის გზით გააგრძელეს. ჩუმლაყთან გზა შსს-მ ავტობუსებით ჩაუხერგა. შსს-მ განაცხადა, რომ ოპოზიციას შეეძლო ყვარლის გავლით გზის გაგრძელება და ეს მარშრუტი შეთანხმებული იყო. თუმცა აქციის მონაწილეების თქმით, მათ მხოლოდ გომბორის გზის დაკეტვის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია.

გაერთიანებული ოპოზიცია თელავში საპროტესტო აქციის გამართვას სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის პარალელურად გეგმავდა. ოპოზიცია ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და ზურაბიშვილს არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი